რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა ევროკავშირის წინადადებას, უკრაინისთვის კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების შექმნასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების საკითხების რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყვეტას ვერ დათანხმდება.
„ჩვენ ვერ დავთანხმებით იმ შემოთავაზებას, რომ კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყდეს. ეს არ გამოვა. არაერთხელ განვმარტეთ, რომ რუსეთი საკუთარ ინტერესებს გადამეტებულად არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენს ლეგიტიმურ ინტერესებს მტკიცედ და მკაცრად დავიცავთ. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთში, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მშვენივრად ესმით, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების სერიოზულად განხილვა რუსეთის ფედერაციის გარეშე უტოპიაა. ეს გზა არსად წაგვიყვანს.“
სერგეი ლავროვის თქმით, ევროკავშირი „საკმაოდ მოუხერხებელი და არაეთიკური მცდელობებით ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია შეცვლოს და დიპლომატიური საუბრების ნაცვლად ახდენს ვითარების ესკალაციას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკების ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს.
„რა დიპლომატიური ნაბიჯები შეგინიშნავთ ევროკავშირის ნაბიჯებში? მათ შეფასებამდე, ეს ნაბიჯები უნდა დავინახოთ. ჯერჯერობით, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ვითარების აგრესიულ ესკალაციას, საკმაოდ მოუხერხებელ და არაეთიკურ მცდელობებს ტრამპის ადმინისტრაციისა და პირადად აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის შეცვლის მიზნით.“
განცხადება სერგეი ლავროვმა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან აიმან საფადთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ვიზების გაუქმების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.