ფინეთს ყინულმჭრელის აგების პროექტი აშშ-სა და კანადასთან სამმხრივ პარტნიორობაში დაეხმარება. ყინულმჭრელის მშენებლობის პროექტს შემოკლებით ICE პაქტსაც უწოდებენ.
ამ პაქტის ფარგლებში, 20 აგვისტოს ფინეთში აშენებული პირველი კანადაში მიმავალი ყინულმჭრელი გემის, Polar Max-ის, ფოლადის ჭრის ცერემონია გაიმართა.
კანადის თავდაცვის მინისტრი, სტივენ ფური, ამბობს, რომ კანადა სანაპირო დაცვას სამხედრო სფეროში ჩართავს და ჩრდილოეთს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს.
„ჩრდილოეთში ყოფნის მრავალი მიზეზი არსებობს, იქ ყველანაირი ბუნებრივი რესურსია. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს არჩევამდე მივიღეთ. თქვენ იცით, რომ კანადა ერთადერთი არ არის – არსებობს ბევრი არქტიკული ქვეყანა, ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთის შესაძლებლობებს და გვინდა ეს ბუნებრივი რესურსები ავითვისოთ. ფინეთის გარდა, კიდევ ერთ ასეთ ყინულმჭრელ გემს ვანკუვერშიც ვაშენებეთ და ვნახოთ, დააკმაყოფილებს თუ არა ჩვენს საჭიროებებს. თუ მეტი დაგვჭირდება, მეტს ავაშენებთ”, -ამბობს სტეფენ ფური, კანადის თავდაცვის მინისტრი.
ყინულმჭრელის კორპუსი ჰელსინკის გემთსაშენ ქარხანაში აშენდება, რომელიც კანადურმა გემთმშენებელმა კომპანია Davie-მ რუსეთის საკუთრებაში არსებული Algador Holdings-ისგან 2023 წელს შეიძინა.
შემდეგ კორპუსს კანადაში გადაიტანენ, სადაც გემის მშენებლობა კვებეკის შტატის ქალაქ ლევისში, არაუგვიანეს 2030 წელს დასრულდება.
კვებეკის ეკონომიკის მინისტრმა, კრისტოფერ სკიტმა, ხაზი გაუსვა ახალი ყინულმჭრელის მშენებლობაზე თანამშრომლობის სარგებელს.
„ვფიქრობ, საქმე იმაშია, რომ კვებეკი და ზოგადად კანადა ამჟამად დიდ ინვესტიციებს დებს ნატოსთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. ჩრდილოეთი სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, იქ სულ უფრო და უფრო მეტი მეტოქეობაა და ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი სუვერენიტეტის დასამტკიცებლად. ამ ყინულჭრელი გემის ინვესტიციის პირდაპირი შედეგი ათასობით სამუშაო ადგილი იქნება“, -ამბობს კვებეკის ეკონომიკის მინისტრი, კრისტოფერ სკიტი.
ამ ეტაპზე რუსეთს გაცილებით მეტი ყინულმჭრელი გემი ჰყავს, ვიდრე აშშ-სა და კანადას. ICE პაქტის მთავარო მიზანია გააძლიეროს თანამშრომლობა პოლარული ყინულმჭრელის და სხვა გემების წარმოებაში აშშ-ს, კანადასა და ფინეთს შორის.
