რუსეთის ორი მოკავშირე, ბელარუსი და ირანი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე მუშაობას დაიწყებენ.
ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდეტნმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ 20 აგვისტოს მინსკში, ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მათ ხელი მოაწერეს 13 დოკუმენტისგან შემდგარ პაკეტს, რომლის დეტალებიც არ გაუმხელიათ. კერძოდ, თუ როგორ აპირებენ ისინი თავდაცვის, ტურიზმისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობას.
ერთობლივი პრესკონფერენციის დროს მათ განაცხადეს, რომ ირანი საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს ბელარუსს დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლით ეკონომიკური განვითარების შესახებ.
ბელარუსის ლიდერმა, ასევე, ეკონომიკური ტერორიზმი უწოდა მინსკისა და თეირანის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და თქვა, რომ მინსკი მხარს უჭერს ირანის ლეგიტიმურ უფლებას, განავითაროს მშვიდობიანი ატომური ენერგეტიკა.
