პატიმრობაში მყოფი პოეტის, ზვიად რატიანის მხარდასაჭერად მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მათ წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სხვადასხვა შინაარსის ბანერით საპროტესტო აქცია გამართეს.
მოქალაქეების თქმით, პოეტი ზვიად რატიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება. მათივე განმარტებით, ის ისჯება მტკიცე სამოქალაქო პოზიციისა და შეუპოვრობის გამო. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, პოეტს არაერთხელ დაესხნენ თავს. მათ გაიხსენეს 2024 წლის 29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარი შემთხვევა, როდესაც სპეციალური დანიშნულების რაზმის ათობით წევრი ზვიად რატიანს ფიზიკურად გაუსწორდა. მოქალაქეთა თქმით, არც ერთი ასეთი შემთხვევა გამოძიებული არ არის.
„სიმბოლურია, რომ ზვიადისნაირი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები არ ჩერდებიან და სილას უთავაზებენ რეჟიმს. ჩვენი ვალია, მოქალაქეების, რომ გამოვიდეთ და დავიცვათ, რადგან ასე ებრძოდა რუსული რეჟიმი ჩვენს საუკეთესო ნაწილს”, – განაცხადა ზვიად რატიანის მხარდამჭერი აქციის მონაწილე ქეთევან ხუსკივაძემ.
პოეტი ზვიად რატიანი 23 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. პროკურატურა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც „პოლიციელზე თავდასხმას“ გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოეტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის მტკიცებულება ქუჩის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერია, სადაც ზვიად რატიანი „დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს ხელი დაარტყა.
მოძრაობა „ტალღის“ წევრები, მოქალაქეებთან ერთად პერიოდულად იკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ობელისკის გარშემო. ცოცხალი ჯაჭვითა და საპროტესტო ბანერებით აქციები მოეწყო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის, ასევე დაპატიმრებული პედაგოგისა და სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად.

