აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 18 აგვისტოს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან ანალიტიკოსებმა და დარგის ექსპერტებმა განსხვავებულად შეაფასეს.
მათ სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასასრულებლად.
ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ თეთრ სახლში გამართული შეხვედრა უშედეგო იყო, ნაწილი კი ამბობს, რომ ზოგს უბრალოდ ზედმეტად დიდი მოლოდინები ჰქონდათ და, რეალურად, ლიდერებს შორის შეხვედრა წარმატებული იყო.
თუმცა ანალიტიკოსები თანხმდებიან ერთ საკითხზე – არცერთ მათგანს არ სჯერა, რომ ვლადიმერ პუტინს ომის დასრულება რეალურად სურს.
„ვიტყოდი, რომ შეხვედრამ კარგად ჩაიარა. თუ დიდი მოლოდინები გქონდათ, ბევრ რამეს აღმოაჩენდით, რაც იდეალურ სამყაროში გეგმის მიხედვით არ მიდის. მაგალითად, ლიდერებთან შეხვედრა იმდენ ხანს არ გაგრძელებულა, რამდენიც გვინდოდა. შეხვედრის შემდეგ ტრამპი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებდა. თუმცა ჩვენ გარკვეულ რეალობაში ვცხოვრობთ. ამ შეხვედრის ამოცანა ის იყო, რომ ტრამპს უკრაინაზე რუსული მოთხოვნებით ზეწოლა არ დაეწყო. ჩვენ ამას 100%-ით მივაღწიეთ. შევძელით აგვეხსნა, რომ ტერიტორიების საკითხი მხოლოდ მიწებს არ ეხება, ეს ადამიანებს ეხება. გაცვლა შეუძლებელია. უკრაინისთვის, პუტინთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა ტრამპს აჩვენოს, ნამდვილად მზადაა თუ არა რუსეთი ომის დასასრულებლად. აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ უკრაინამ, მისი მხრიდან, ყველაფერი გააკეთა. არ მგონია უკრაინაში ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ პუტინთან შეხვედრა მოულოდნელად მშვიდობას მოიტანს. ზელენსკისთან შეხვედრის დროს პუტინი მოულოდნელად არ იტყვის: „დიახ, შევცდი, ვაღიარებ, ჯარებს გავიყვან, ტერიტორიებს ვაბრუნებ““, – აცხადებს პოლიტიკის ანალიტიკოსი, ოლეგ სააკიანი.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გააკრიტიკა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა და გენერალმა, ბენ ჰოჯესმა. მისი აზრით, ამჟამინდელ ადმინისტრაციას ომის დაწყების რეალური გეოპოლიტიკური მიზეზები არ ესმის და უკრაინა რეალურად არ ადარდებს.

„არ მგონია, რომ დონალდ ტრამპს ვითარება ესმის, ან საერთოდ ადარდებს. ეს ადმინისტრაცია ძალიან ცუდადაა ინფორმირებული გეოგრაფიისა და ისტორიის შესახებ. იმის შესახებ, თუ რა დევს სასწორზე და რატომ დაიწყო ეს ომი. სპეციალური წარმომადგენელი, ბატონი უიტკოფი, მუდმივად იყენებს რუსეთის არგუმენტებს… არ მჯერა მათი. მათ, ასევე, არ ესმით NATO. როგორ უნდა შეგვეძლოს NATO-ს მსგავსი ან NATO-ს სტილის უსაფრთხოების გარანტიის მიცემა უკრაინისთვის? რა ჯანდაბაა ეს? ან NATO-ში ხარ, ან არა. მაგალითად, ჩვენ არც კი გვსურდა პოლონეთიდან ან რუმინეთიდან იარაღი გამოგვეყენებინა უკრაინის ქალაქებისკენ მიმავალი რუსული რაკეტების გასანეიტრალებლად. ეს ისრაელში, იემენისა და ჰუსიტების წინააღმდეგ, გავაკეთეთ, მაგრამ უკრაინაში ეს არ გვსურს. ამრიგად, ამ იდეის მიმართ, რომ შევქმნით რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიას, რომლის ფარგლებშიც ამერიკული, ბრიტანული, ფრანგული ან გერმანული ჯარები ადგილზე განთავსდებიან, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, – აცხადებს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი, ბენ ჰოჯესი.
მკვლევარი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, თინა ახვლედიანი ვაშინგტონში გამართული შეხვედრით კმაყოფილია და ამბობს, რომ ეს ევროკავშირის ერთობის გამოვლინება იყო.
„ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში ისეთი ერთიანები იყვნენ, როგორც არასდროს გვინახავს. ახალი არაა, რომ ევროკავშირი ხშირად აწყდება გაერთიანების შიგნით, წევრ სახელმწიფოებს შორის განხეთქილებას. ჩვენ, ასევე, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერი თეთრ სახლში არ ყოფილა, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიდერი გვყავდა, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ნატოს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან ერთად. ამრიგად, ვფიქრობ, რაც ახლა ვნახეთ, ერთობის ძალიან კარგი მაგალითი იყო“, – აცხადებს თინა ახვლედიანი, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის მკვლევარი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
18 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს დაუკავშირდა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, პუტინი თანახმაა უკრაინულ დელეგაციასთან პირისპირ შეხვედრაზე და პრეზიდენტ ზელენსკი მას შესაძლოა მომდევნო დღეებში შეხვდეს.
