კატეგორიები

ევროპელმა ლიდერებმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შედეგები შეაჯამეს

ევროპელმა ლიდერებმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შედეგები შეაჯამეს
18 აგვისტოს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და ევროპის ლიდერებთან შეხვედრები გამართა.

თავდაპირველად, შეხვედრა შედგა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელიც თეთრ სახლში უკანასკნელად 2025 წლის 28 თებერვალს იმყოფებოდა. თუმცა პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად ლიდერებს შორის არც კამათი მომხდარა და პრეზიდენტი ზელენსკი არც მარტო ჩასულა ვაშინგტონში.

მასთან ერთად ჩავიდა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი; საფრანგეთისა და ფინეთის პრეზიდენტები, ემანუელ მაკრონი და ალექსანდრ სტუბი; დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრები, კირ სტარმერი და ჯორჯია მელონი, ასევე, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეხვედრის დროს ლიდერები შეთანხმდნენ ორ საკითხზე: პირველი, რომ აუცილებელია მოლაპარაკების პროცესში უკრაინული მხარის ჩართულობა და მეორე, რომ მოლაპარაკების დაწყებამდე აუცილებელია ცეცხლის უპირობო შეწყვეტა.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, მას რთულად წარმოუდგენია ორმხრივ ან თუნდაც სამმხრივ ფორმატში სამიტის გამართვა, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება.

„ნამდვილი მოლაპარაკება შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ისეთ სამიტზე, რომელში მონაწილეობასაც თავად უკრაინა მიიღებს. ასეთი სამიტის დაგეგმვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სამხედრო მოქმედებები შეწყდება. დღეს ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ გავაჟღერე. მეორეც, ასეთი სამიტი საფუძვლიანად უნდა იყოს დაგეგმილი. ეყოფა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს დასწრების გამბედაობა, არ ვიცით. ამიტომ, დარწმუნებაა საჭირო. მესამე საკითხი, რომელზეც მინდა ვისაუბრო და რომელიც დღეს არ განხილულა, ისაა, რომ უკრაინა არ უნდა იყოს იძულებული დათმოს რაიმე ტერიტორია. რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დათმოს დონბასის თავისუფალი ნაწილები, შეგვიძლია შევადაროთ იმას, რომ ვთქვათ, აშშ-მა დათმოს ფლორიდა. სუვერენულ სახელმწიფოს არ შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების უბრალოდ მიღება. ესაა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინამ მოლაპარაკების პროცესში თავად უნდა მიიღოს. მივესალმები პრეზიდენტი ტრამპის განცხადებას – უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესახებ. ამ უსაფრთხოების გარანტიებს ძალიან ხანგრძლივი და ინტენსიური განხილვა დასჭირდა. საბოლოოდ, აშშ მზადაა უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები და ეს ევროპელებთან შეათანხმოს. ამრიგად, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, უკრაინას უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები ექნება. ესაა დღევანდელი განხილვის ამჟამინდელი შედეგი“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი.

შეხვედრაზე ლიდერებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე იმსჯელეს და მოგვიანებით, შეხვედრის შედეგებზეც ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ესაა მთავარი თემა, როგორც ომის დასრულების საწყისი ეტაპი. კერძოდ, იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს საბოლოოდ, როგორ დავიცვათ თავი. მუშაობა ამ საკითხის განხილვით დავიწყეთ. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ისინი იქნებიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დაეხმარებიან და მიიღებენ მონაწილეობას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაში. მჯერა, რომ ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ჯერ ვერ გავამხელ, როგორ წარიმართება ყველაფერი, მაგრამ მნიშვნელოვანია, არსებობდეს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ჩვენი ერთობლივი შეხვედრისა და უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაუკავშირდა რუსულ მხარეს და მათ ისაუბრეს იმაზე, თუ რა დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. თავდაპირველად, რუსეთმა პრეზიდენტ ტრამპს შესთავაზა უკრაინა-რუსეთის ორმხრივი შეხვედრა, შემდეგ კი – სამმხრივი. ამრიგად, როგორც ვთქვი, მზად ვართ ლიდერების დონეზე ნებისმიერი ფორმატისთვის, რადგან მხოლოდ ამ დონეზე შეგვიძლია გადავჭრათ ყველა ეს რთული და მტკინვეული საკითხი, სულ მცირე ის ჩვენთვისაა მტკინვეული და მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ დავადასტურე და ყველა ევროპელმა ლიდერმა დამიჭირა მხარი, რომ მზად ვართ პუტინთან ორმხრივი შეხვედრისთვის და ამის შემდეგ სამმხრივ შეხვედრასაც ვვარაუდობთ. კითხვა ისაა, როგორ წარიმართება ეს შეხვედრა, დეტალები არ ვიცით. აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ, რომ ყველა მხარემ უნდა გამოხატოს ომის დასრულების სურვილი და თუ ერთი ან მეორე მხარე ამას არ იზამს, მაშინ შეერთებულ შტატებს შესაბამისად მოქმედებას ვთხოვთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

პესიმისტურადაა განწყობილი საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელკ მაკრონი. მას  სჯერა, რომ დონალდ ტრამპს მშვიდობა სურს, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ იგივე სურს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

„ყველას ერთი საერთო გვაქვს – მშვიდობა გვინდა. სწორედ ეს გვაერთიანებს. შევთანხმდით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც უნდა ვთქვა, რამდენიმე დღის ან კვირის წინ არც ისე ნათელი იყო. პირველი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია აშშ-ის ვალდებულება – ჩვენთან უსაფრთხოების გარანტიებზე ითანამშრომლოს. პრეზიდენტ ტრამპს სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და იმის, რომ პრეზიდენტი პუტინი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას აპირებს. ამას მივესალმები და მინდა დავიჯერო. თუმცა თუ ეს პროცესი უშედეგო იქნება, ყველა ვთანმხდებით, რომ სანქციები უნდა გამკაცრდეს და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ისეთი პოზიციის დაკავება, რომელიც რუსულ მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის პრეზიდენტს, ევროპელ პრეზიდენტებსა და უკრაინის პრეზიდენტს მშვიდობა სურთ. პირადად მე, სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ პრეზიდენტ პუტინსაც მშვიდობა სურს, რადგან სანამ ის ფიქრობს, რომ ომის გზით გამარჯვებას მიაღწევს, ის ომს გააგრძელებს“, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი.

სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დონალდ ტრამპმა შეხვედრა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ყველა მხარეს მშვიდობა სურს. შეხვედრის შემდეგ ის ვლადიმერ პუტინს დაუკავშირდა და რუსეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა იდეას – უკრაინისა და რუსული დელეგაციების პირისპირ შეხვედრაზე.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ ნავს ცეცხლი გაუხსნა
სხვა ამბები