18 აგვისტოს ღამიდან 19 აგვისტოს დილამდე რუსული საოკუპაციო ძალები უკრაინას 270 შემტევი და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორია დაიბომბა ასევე „ისკანდერ-ემის“ ტიპის 5 ბალისტიკური და ამავე რაოდენობის საავიაციო ფრთოსანი რაკეტით.
19 აპრილის დილის მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს 236 საჰაერო სამიზნის განადგურება. მათ შორის 230 რუსული დრონის, 2 ბალისტიკური და 4 ფრთოსანი რაკეტისა. აქტიური საბრძოლო დაპირისპირებები იყო ფრონტის ხაზზეც.
„ერთ დღეში ფრონტის ხაზზე 186 საბრძოლო შეიარაღებული დაპირისპირება იყო. აქედან 7 იერიში კვლავ ჩრდილოეთ სლობოჟანისა და კურსკის მიმართულებით. ჯამში რუსებმა ფრონტის მხოლოდ ამ მიმართულებაზე 15 საავიაციო იერიში მიიტანეს. გამოიყენეს 18 მართვადი ბომბი და 198-ჯერ გახსნეს ცეცხლი არტილერიით“. – ამბობს ანდრიი სმიიანი, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი.
ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელ კერად კვლავ დონეცკის ფლანგის ცენტრალური მიმართულება რჩება. ფინური სამხედრო ანალიტიკური პორტალის Black Bird group-ის მიერ მომზადებული რუკის მიხედვით, ეს ტერიტორია უკრაინას კარგად აქვს გამაგრებული.
კიევის მერ მოწყობილი თავდაცვის ხაზის გადალახვას კრემლი თვეების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობს. ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები პოკროვსკისა და მის ჩრდილოეთით – ბახმუტის ფლანგებზეა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბახმუტის ფლანგზე 26-თვიანი ბრძოლის შედეგად რუსულმა არმიამ მხოლოდ 11 კილომეტრით წაიწია წინ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, კრემლი პოზიციებს თმობს დასახლება პოკროვსკის ფლანგზე. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რუკაზე ჩანს, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსების მიერ დაკავებულ პოზიციებს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედორები დაწინაურდნენ დასახლება პეტრივკასთან, გაათავისუფლეს დასახლება ზოლოტიი კოლოდიაზი, ზაპოვიდნე და დოროჟნიე. ახლა რუსები ამ ფლანგზე კუჩერივ იარის ჩრდილოეთით ავითარებენ შეტევას. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, მხოლოდ პოკროვსკის ფლანგზე უკრაინელმა სამხედროებმა 67 რუსული იერიში შეაჩერეს.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, დონეცკის რაიონში ფრონტის ცენტრალურ მიმართულებაზე რუსეთს დიდი რაოდენობით სამხედრო ჰყავს.
კვლევითი ორგანიზაცია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მობილიზებულია დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატებიც. თუმცა უკვე საკმაოდ დიდი ხანია გასული, რაც მოსკოვი უშედეგოდ ცდილობს ამ მცირე, მაგრამ მინიშვნელოვანი დასახლების დაკავებას.
