დაახლოებით ორი წლის წინ უკრაინაში ბრძოლის ველზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა. კადრები, რომლებშიც რობოტული სისტემა ფრონტზე უკრაინელ სამხედროებს საკვებითა და საბრძოლო მასალით ამარაგებს, უკრაინის სახმელეთო ძალებმა გაავრცელეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეხუთე ცალკეული შემტევი ბრიგადის სამხედროები რობოტებს თანდათან უფრო აქტიურად იყენებენ, მათ შორის ფრონტის ურთულეს მიმართულებებზე. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საუბრობენ, მას შემდეგ რაც სტაცონარული მოდულები დრონების სამიზნე გახდა, დაიწყეს მობილურ სისტემებზე მუშაობა. უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსულ საოკუპაციო არმიას უპილოტო სისტემებით აქტიურად უპირისპირდებიან. ექსპერიმენტული ნიმუშები უკვე იარაღებად იქცნენ.
„ჩვენ დავალებად გვქონდა საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია — რეალურ საბრძოლო პირობებში გამოგვეყენებინა ეს დრონი, რომელიც სატესტო რეჟიმში იყო, მაგრამ ჰქონდა კარგი პოტენციალი. ჩემი აზრით, ეს იყო კოლოსალური წარმატება. მართალია, ზოგი რამ ჯერ არ მუშაობდა ისე, როგორც უნდა ემუშავა, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება. ამის შემდეგ უფრო და უფრო წარმატებით გამოვიყენეთ ეს იარაღი. შემდეგ გავაგრძელეთ მუშაობა სტაციონარულ საბრძოლო მოდელებზე.
გარკვეული დროის მანძილზე საცეცხლე პოზიციებზე მუდმივად ვიყენებდით „ბრაუნინგით“ აღჭურვილ დისტანციურად მართვად მოდულებს. პარალელურად ვიყენებდით უფრო მცირე უპილოტო სისტემებსაც, რომლებიც სხვადასხვა ლოგისტიკურ ამოცანებში ჩავრთეთ. იმ დროისთვის ეს სფერო ნაკლებად განვითარებული იყო.
ძალიან ცოტა ნიმუში იყო ხელმისაწვდომი და ისინიც სერიოზულ დამუშავებას საჭიროებდნენ. სტაციონარული მოდელების უპირველეს საფრთხეს საჰაერო დრონები წარმოადგენენ. დროთა განმავლობაში მათი გამოყენება რთულდებოდა. ამის შემდეგ გადავედით მოძრავ პლატფორმებზე. ასეთი პლატფორმები ძირითადად ჩართულია მარაგების შევსების ამოცანებში… ვაზნების მიწოდება, დაშავებულების ევაკუაცია…“ – ამბობს მეხუთე ცალკეული შემტევი ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უპილოტო სისტემებზე მუშაობისას ხშირად არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ბრძოლის დაჩქარებული ტემპებიდან გამომდინარე მიმდინარეობს ასევე სამოქალაქო მოდელების საბრძოლო სისტემებად გარდაქმნაც. საბრძოლო მოქმედებების ხასიათი იცვლება. მომავალში უპილოტო, რობოტული სისტემები კიდევ უფრო მეტ ადგილს დაიკავებს საბრძოლო მოქმედებების დროს.
„ბევრი რამე იცვლება. მწარმოებლები ახალ სისტემებს იგონებენ. კავშირგაბმულობა, კომპიუტერები ყველაფერი ბრძოლის მოთხოვნებს ექვემდებარება. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც სახმელეთო დრონები ომში გამოიყენა. ამისთვის არანაირი დაბრკოლება არ გვაქვს“, – თქვა მეხუთე ცალკეული შემტევი ბრიგადის სახმელეთო უპილოტო რობოტული სისტემების ინჟინერმა.
უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების განცხადებით, ტექნოლოგიური განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტულია. უკრაინაში უკვე სრული დატვირთვით მუშაობს საწარმო „რატელი“, რომელიც უპილოტო რობოტულ სისტემებს ქვეყნის თავდაცვის ძალებისთვის ამზადებს.