კატეგორიები

კირ სტარმერი: „მზად ვართ, რუსეთზე ზეწოლა გავზარდოთ სანქციებითა და სხვა სათანადო ზომებით”

კირ სტარმერი: „მზად ვართ, რუსეთზე ზეწოლა გავზარდოთ სანქციებითა და სხვა სათანადო ზომებით”

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთის ეკონომიკაზე სანქციებითა და ყველა საჭირო სხვა ზომებით ზეწოლა გაზარდოს.

ამის შესახებ მან ისაუბრა „მსურველთა კოალიციის“ წევრებს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც დაესწრნენ.

„მნიშვნელოვანია, კოლეგებს შევახსენოთ, რომ მზად ვართ, გავზარდოთ რუსეთზე ზეწოლა, განსაკუთრებით მის ეკონომიკაზე სანქციებითა და საჭიროების შემთხვევაში უფრო ფართო ზომებითაც. თქვენ უკვე ხედავთ მიღებული ზომების ეფექტს. ამჯერად დიდ ბრიტანეთში ვამზადებთ მკაცრი სანქციების შემდეგ პაკეტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველამ გავაგრძელოთ მუშაობა პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

კირ სტარმერმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებაზე მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი ხვალინდელი შეხვედრა „უაღრესად მნიშვნელოვანია“.

ასევე მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია უკრაინის შესახებ მოლაპარაკების გამართვა უკრაინის მონაწილეობის გარეშე ისევე, როგორც საერთაშორისო საზღვრების ნებისმიერი ცვლილება ძალის გამოყენებით.

„ჩვენ ნამდვილად მნიშვნელოვან ეტაპს მივაღწიეთ. სწორედ ამიტომ გვინდოდა „მსურველთა კოალიციის“ შეკრება, რათა გაგვეანალიზებინა, ერთად გვეფიქრა და გაგვეზიარებინა ჩვენი შეხედულებები. პარასკევს დაგეგმილი შეხვედრა, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ესწრება, უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც მას პირადად ვუთხარი, ეს კონფლიქტი სამი წელია, მიმდინარეობს, აქამდე ვერ გამოვძებნეთ პრობლემის რეალურად გადაჭრისა და ცეცხლის შეწყვეტის გზა.  თუმცა ახლა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაწეული შრომის წყალობით, ეს შანსი გვაქვს.

რამდენიმე საკვანძო საკითხია, ემანუელმა ახლახან ისაუბრა ამაზე, ფრიდრიხმაც. პირველ ყოვლისა, უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ უნდა გაიმართოს. ეს ჩვენი ჯგუფის დიდი ხნის პრინციპია და ვიცი, რომ პრეზიდენტი ზელენსკიც ჩართულია ამ საუბარში და მისთვის ეს გასაგები იქნება. ამასთანავე, საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ამ ჯგუფის დიდი ხნის პრინციპია. საზღვრებზე დიპლომატიასა და ცეცხლის შეწყვეტაზე ნებისმიერი საუბარი უნდა იყოს  უსაფრთხოების მყარ და სანდო გარანტიებზე დაფუძნებული, რათა უზრუნველვყოთ მდგრადი მშვიდობა და ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას შეეძლოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს ჯგუფი, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შევასრულოთ ჩვენ მიერ აღებული ვალდებულებები“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ასევე გამოხატეს მზადყოფნა, უკრაინაში გააგზავნონ სამშვიდობოები მას შემდეგ, რაც საომარი მოქმედებები შეწყდება.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები