ერთი დღე რჩება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ისტორიულ შეხვედრამდე, რომელიც ალასკის ქალაქ ანკორიჯში, სავარაუდოდ, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შედგება.
ალასკა, ერთ დროს ფრონტის ხაზი, ორივე ქვეყნისთვის ძალიან ნაცნობი ლოკაციაა, სადაც ცივი ომის დროს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რადარის პუნქტები და სადაზვერვო შეკრების ადგილები იყო განთავსებული.
ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რამდენად ახლოს მიიყვანს ისტორიული სამიტი მსოფლიოს, უკრაინაში მშვიდობის დამყარებამდე, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკვე 3 წელიწადნახევარზე მეტი ხანია გრძელდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ვლადიმირ პუტინის პირველი ვიზიტი იქნება შტატებში 2015 წლის შემდეგ, როდესაც იგი ნიუ-იორკს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ეწვია.
ხოლო, ვინაიდან აშშ-ი არ არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი, რომელმაც 2023 წელს ომის დანაშაულების ბრალდებით პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, მას კრემლის მეთაურის დაპატიმრების ვალდებულება არ გააჩნია.
პუტინთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებთან ვირტუალური კონფერენციაც გამართა, რომელიც მან ათიდან ათ ქულაზე შეაფასა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოჰყვება თუ არა შედეგები, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შედეგები იქნება და იქნება „ძალიან მძიმე“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას იმედიც გამოთქვა, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მალევე პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად სამმხრივი სამიტიც დაიგეგმება. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხვალინდელ შეხვედრაზე პუტინისგან სასურველი პასუხების მოსმენას შეძლებს.
ვიცით, რომ პუტინმა უკრაინის ორ ტერიტორიაზე, დონეცკსა და ლუჰანსკზე, პრეტენზია უკვე გამოთქვა. სავარაუდოა, რომ იგი მოითხოვს რუსეთის ამჟამინდელი პოზიციების შენარჩუნებას ზაპოროჟიესა და ხერსონშიც.
უკრაინის მაღალჩინოსნებმა მსგავსი წინადადები უკვე არაერთხელ უარყვეს, თუმცა რიგი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამჯერად, უკრაინა შესაძლოა მზად იყოს მძიმე დათმობებზე წასასვლელად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.
ტრამპი და პუტინი ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიან, თუმცა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არასდროს, ასეთი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. მათ რამდენიმე შეხვედრა გამართეს შშ-ის პრეზიდენტის პირველი ვადის ფარგლებში, თუმცა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, მათი კომუნიკაცია ამ დრომდე, სატელეფონო საუბრებით შემოიფარგებლოდა.
მათი გზები ბოლოს 2019 წელს, იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე გადაიკვეთა, სადაც ტრამპმა ხუმრობით უთხრა პუტინს, არ ჩარეულიყო აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორც კრემლი ადასტურებს, შეხვედრა ალასკას ადგილობრივი დროით დღის 11:30 საათზე დაიწყება.
პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლიდერები თავდაპირველად პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი ერთმანეთს მათი დელეგაციებიც შეხვდებიან.
გარდა ვლადიმირ პუტინისა, რუსეთის დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის სუვერენული ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი შედიან.
მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ტრამპი და პუტინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მოლოდინების შესახებ კითხვაზე, პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ტონი საქმიანი იქნება, და შესაბამისად სამიტს ყველა, უპირველეს ყოვლისა, საქმიანი განწყობით ხვდება.