აღმოსავლეთ ევროპაში გრძელდება თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება. რეგიონში თავდაცვის ხარჯების ზრდით კვლავ ლიდერობს პოლონეთი. ქვეყანამ მთლიანი შიდა პროდუქტის 4.7% სწორედ თავდაცვის მიზნებისთვის გამოყო.
ბიუჯეტის ზრდა უსაფრთხოების ყველა მიმართულებას ეხება. მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიას. ცნობილია, რომ ვარშავა ემზადება აღჭურვილობის წარმოების მასშტაბური განვითარებისთვის.
„დავასახელებ მხოლოდ ერთ მონაცემს. 2023 წლის დეკემბრისთვის პოლონეთში 155-კალიბრიანი ჭურვების წლიური წარმოება იყო დაახლოებით 5000 ერთეული. დღეს ერთი დღის განმავლობაში ფრონტზე, რუსეთ-უკრაინის ომში, უფრო მეტს იყენებენ. მიმდინარე წელს მივაღწევთ, რომ დაახლოებით 30 000 ერთეული ჭურვი ვაწარმოოთ. ხოლო ამბიციური და რეალისტური მიზანია, რომ მომდევნო ორ წელიწადში თითქმის 200 000 ერთეული გვქონდეს წლიურად. პოლონეთის შეიარაღების ჯგუფის პრეზიდენტი წელიწადში 180 000 ერთეულს ვარაუდობდა. ეს უზრუნველყოფს პოლონეთის არმიის საჭიროებების პრაქტიკულად 100%-ს“, – თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მნინისტრმა ეს გადაწყვეტილება შეიარაღების ერთ-ერთ საწარმოში ვიზიტისას გაასაჯაროვა. ეს ქარხანა ევროპის მასშტაბით ასაფეთქებელი მასალების ერთ-ერთი უმთავრესი მწარმოებელია. ახლა კი ქვეყანამ უნდა შეძლოს როგორც საკუთარი არმიის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ისე შეიარაღების ექსპორტზე გატანაც.
„2028 წლის ბოლომდე პოლონეთში აშენდება შეიარაღების სამი ახალი საწარმო. ეს შესაძლებელს გახდის, რომ პოლონეთს ჰქონდეს ახალი შესაძლებლობები და იყოს სრულიად სუვერენული ამ ყველაზე საჭირო კომპონენტის – 155 მმ. კალიბრის ჭურვების – წარმოების თვალსაზრისით. სამი მილიარდი ზლოტის გამოყოფის გადაწყვეტილება მთავრობამ ერთი წლის წინ მიიღო. ეს 3 მილიარდი ზლოტი უზრუნველყოფს პოლონეთის სუვერენიტეტს, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ქვეყანას მისცემს საშუალებას მომავალში გახდეს ექსპორტიორი“. – ეს უკვე პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარ ტომჩიკმა თქვა.
ბოლო პერიოდში პოლონეთმა მნიშვნელოვნდ განავითარა შეიარაღებული ძალები. ამ დროისთვის ვარშავა მშპ-ზე გათვლით ყველაზე მეტს ხარჯავს თავდაცვისთვის. ამავდროულად, პოლონეთი ამერიკული შეიარაღების ყველაზე დიდი შემსყიდველია ევროპის მასშტაბით. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც აღნიშნა, რომ ვარშავა ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს.
„NATO-სა და მოკავშირეების ანალიზის მიხედვით, არსებობს რეგიონის დესტაბილიზაციის საფრთხე, ეს არის რუსული აგრესიული პოლიტიკისა და გლობალური კონფლიქტის საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია ამერიკა-ჩინეთის დაძაბულობასთან. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს თარიღი, რომლის შემდეგაც შეგვიძლია მოვდუნდეთ, არ მოვემზადოთ, ან არ გავაუმჯობესოთ თავდაცვა და არ შევიარაღდეთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ პოლონეთის არმიის და წარმოების მოდერნიზაციის პროცესი გრძელვადიანი პერსპექტივით. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად 2027 წლისთვის ყველა შესაძლო სცენარისთვის“. – დასძენს დონალდ ტუსკი.
პოლონეთის არმია მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. ქვეყნის შეიარაღებაშია „აბრამსის“ ტიპის ტანკები, დარტყმელი შვეულმფრენები – „აპაჩები, სარაკეტო სისტემები – „ჰაიმარსები“, „პეტრიოტები“, თანამედროვე მრავალფუნქციური გამანადგურებლები და ასე შემდეგ.