მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი სამხედროების ბრძოლა ,,შაჰედის” დრონებთან

უკრაინელი სამხედროების ბრძოლა ,,შაჰედის” დრონებთან

უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები დონეცკისა და დნეპრის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსული დრონების გაძლიერებულ ტალღას ებრძვიან.

კვირას, მთელი ღამის განმავლობაში, 59-ე ცალკეული მოტორიზებული დანაყოფი დნეპრის რეგიონის თავზე მფრინავი „შაჰედის“ დრონების ჩამოგდებაზე მუშაობდა.

„ჩვენ მოსახლეობას ვიცავთ, რომ „შაჰედებმა“ მათ სახლებში არ იფრინონ, რომ ადამიანები არ დაშავდნენ. ეს ახლა ძალიან რთულია, რადგან მათი რაოდენობა გაიზარდა და ფრონტი უფრო ახლოს მოვიდა. პრაქტიკულად სულ ვმუშაობთ. რთულია, რადგან ცოტა მოძველებული იარაღი გვაქვს. ვისურვებდი, რამე უფრო ახალი გვქონოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ვმუშაობთ და მათ მაინც ვაგდებთ მიწაზე“, – ამბობს ოლექსანდრი, უკრაინელი სამხედრო

რუსული „შაჰედის“ დრონები კონფლიქტის წინა ეტაპებთან შედარებით გაცილებით მაღლა და სწრაფად დაფრინავენ, ამბობს ოლექსანდრი.

„ადრე „შაჰედები“ 500-700 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდნენ 150 კმ/სთ სიჩქარით. ახლა მათი ფრენის სიმაღლე 3.5-დან 4 კილომეტრამდეა, ხოლო მინიმალური სიჩქარე საათში 200-დან 350 კილომეტრამდე მერყეობს. ისინი სიჩქარეს ზრდიან და რა თქმა უნდა, მათი დაფიქსირება და ჩამოგდება რთულია.“

ჩვენ თუ არა, ვინ იბრძოლებს და დაიცავს ჩვენს სამშობლოსა და ხალხს? თუ ამას არ გავაკეთებთ, ხვალ ყველა რუსეთის დაქვემდებარებაში ვიქნებით. ეს არ გვინდა. გვინდა ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმა თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაში იცხოვრონ“, – ამბობს ოლექსანდრი, უკრაინელი სამხედრო

რუსეთმა დონეცკის რეგიონში გარღვევა მოახერხა, რადგან, როგორც იტყობინებიან, მათი ძალები სწრაფად აღწევენ პოკროვსკის ჩრდილოეთით მდებარე პოზიციებს.

„ზოგადად, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ომი დასასრულისკენ მიდის. შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისას რაღაცაზე შეთანხმდნენ და მათი არგუმენტი ის იქნება, რომ ტერიტორიები აქვთ დაკავებული და იქ დარჩებიან. ვფიქრობ სწორედ ამიტომ გახდნენ ახლა ასეთი აქტიურები. ყოველ ჯერზე, როცა მოლაპარაკებებზე მიდის საუბარი, ისინი აქტიურდებიან – ყველა ხვრელიდან ძვრებიან და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია მიიტაცონ ყველა შესაძლო გზით. როცა მოლაპარაკებები იწყება, ფრონტზე სიტუაცია საშინელი ხდება. რაც შეეხება მშვიდობას – მგონია, რომ ოდესღაც აუცილებლად იქნება, მაგრამ არა ახლა“, – ამბობს მიროსლავი, 68-ე იეგერის დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე.

პოკროვსკის მიმართულებით, 68-ე იეგერის დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა ტიპის რუსული დრონების გასანადგურებლად დრონების გამანადგურებელ, სპეციალურ იარაღს იყენებენ.

უკრაინელმა სამხედროებმა დრონების გამანადგურებელი იარაღების შემუშავება გასულ წელს დაიწყეს.

„სახლში ოჯახი მყავს – დედა, და, ცოლი, ორი შვილი. ისინი მელოდებიან. არ მინდა, დრონებმა რომ მათ მიაგნონ. ზოგჯერ ლუცკიც ძლიერად იბომბება. როცა შვებულებაში ვიყავი დიდი შეტევა იყო. ყოველთვის ვეუბნები ჩემს ოჯახს, „მალე მაღალი სიჩქარის დრონებს მივიღებთ და შაჰედები ნაკლებად მოგწვდებიან. შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ“, -ამბობს მიროსლავი, 68-ე იეგერის დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე.

უკრაინულმა სამხედრო სარდლობამ ორშაბათს Facebook-ზე გამოაქვეყნა, რომ მტრის ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინულ ხაზებს არღვევენ მეტი ტერიტორიის დასაკავებლად, „გარდაუვალი სიკვდილის წინაშე დგანან“, მაგრამ აღიარებს, რომ სიტუაცია კვლავ „რთული, უსიამოვნო და დინამიკურია“.

უკრაინელი სამხედრო ზედმეტსახელად „რეინჯერი“, რომელიც უსაფრთხოების მიზნით მხოლოდ თავის მეტსახელს ამხელს, ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე დიდი მოტივაცია მისი ოჯახია.

„მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაღალ დონეზეა. მაღალია მოტივაციაც. მე უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემს შვილებს არ მოუწიოთ ბრძოლა. ისინი ომზე მხოლოდ გაიგებენ. ჩემი პატარა ახლა 5 წლისაა. როცა მიკოლაივში საჰაერო განგაში იწყება, ამბობს, რომ რაკეტები მოფრინავს. ომის შესახებ ნებისმიერ შემთხვევაში ეცოდინება, თუმცა მთავარია ომი მას არ შეეხოს. ესაა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – ამბობს “რეინჯერი”, უკრაინელი სამხედრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend