ორი დღე რჩება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე, რომელიც როგორც ცნობილი გახდა, ალასკას შტატის ქალაქ ანკორიჯში, სამხედრო ბაზაზე შედგება.
ეს ინფორმაცია თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლივიტმა გაავრცელა.
„პარასკევს პრეზიდენტი ტრამპი გაემგზავრება ქვეყნის მეორე ბოლოში, ანკორიჯში, ალასკაზე, სადაც შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. რუსეთსა და უკრაინას შორის სასტიკი ომი ჯო ბაიდენის არაკომპეტენტური ხელმძღვანელობის გამო დაიწყო, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სცადოს ამ ომის დასრულება და მკვლელობის შეჩერება“, – აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი, კაროლინ ლივიტი.
მედიასთან საუბრისას თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან შეერთებული შტატების პრეზიდენტს თავად სთხოვა და ტრამპი ამ შეთავაზებას დასთანხმდა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა უკვე გამოთქვა იმედი, რომ სამმხრივი შეხვედრაც დაიგეგმება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სწორედ მოსკოვის ინიციატივა იყო, სახელმწიფო დეპარტამენტმაც გაავრცელა.
„ეს შეხვედრა შედგა იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვედრა სთხოვა სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის, დახმარებით. იგი, როგორც ყველამ იცით, მოსკოვში პუტინის თხოვნით ჩავიდა. დონალდ ტრამპი ამ შეხვედრას სწორედ ამიტომ დასთანხმდა. მისი მიზანია, უკეთ გაიგოს, როგორ შეგვიძლია ამ ომის დასრულება. პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრა შედგება, რათა კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდეს“, – აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი კაროლინ ლივიტი.
შეხვედრა პარასკევს, 15 აგვისტოს, შედგება.