მთელი მსოფლიო ახლა 15 აგვისტოს ალასკაში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ელოდება, მათ შორის უკრაინელებიც. კიევის მცხოვრებლებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობაზე განსხვავებული აზრი აქვთ.
ნაწილს ომის დასრულება სურს, მათ ოჯახის იმ წევრების შინ დაბრუნება სურთ, რომლებიც ჯარში მსახურობენ. თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან კომპრომისზე წასვლა დაუშვებელია.
„ამჟამად არ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად შეტევა დავიწყოთ. მე ასე ვხედავ. თუმცა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ადამიანების სიკვდილი, შეგვიძლია უბრალოდ შევაჩეროთ სამხედრო ოპერაციები, ხელი მოვაწეროთ რაიმე სახის შეთანხმებას, მაგრამ არ დავთმოთ ჩვენი ტერიტორიები, არ მივცეთ რუსეთს ისინი“, – აცხადებს დაღუპული ჯარისკაცის დედა, სვიატლანა დობრინკა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ამ საკითხზე ორი აზრი მაქვს. როგორც ადამიანს, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, არ მინდა კომპრომისზე წასვლა. თუმცა ამდენი მსხვერპლის ნახვისა და იმის გათვალისწინებით, რომ დედაჩემი ახლა ნიკოპოლში დაბომბვის სამიზნეა, მამა კი იბრძვის, მინდა, ყველაფერი მალე დასრულდეს. მესმის, რომ ბევრმა ადამიანმა შესაძლოა სახლი დაკარგოს, მაგრამ თუ გავაგრძელებთ, შეიძლება უფრო მეტი დავკარგოთ“, – აცხადებს კიევის მკვიდრი, ანასტასია ემელიანოვა.
ზოგიერთი მოქალაქე ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა თვლის, რომ შეთანხმების პირობებს უკრაინის მთავრობამ ყურადღებით უნდა გადახედოს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ერთ-ერთი პირობა რუსეთის მიერ უკრაინისთვის რეპარაციის გადახდა უნდა იყოს.
„რა თქმა უნდა, აუცილებელია დანაკარგის კომპენსაცია და შესაძლოა, რეპარაციაც. რა იქნება, თუ ყველაფერს დავთმობთ და სანაცვლოდ არაფერს მივიღებთ? როგორ ვიქნებით? შეიძლება ეს კაპიტულაცია არ იყოს, მაგრამ დანაკარგი იქნება“, – პენსიონერი იგორ უსატენკო.
15 აგვისტოს ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. ლიდერები სამწელიწადნახევრიანი ომის დასრულების გზებზე იმსჯელებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს კიევის გარეშე რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ამ პროცესს ჩიხში შეიყვანს.