მთავარიმსოფლიომსოფლიო აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მოლოდინშია

მსოფლიო აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მოლოდინშია

მსოფლიო აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის, შეხვედრის მოლოდინშია. 15 აგვისტოს ალასკაში ლიდერები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების განსახილველად შეხვდებიან.

უკანასკნელად პრეზიდენტებს შორის შეხვედრა 2021 წლის 16 ივნისს შედგა, როდესაც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟენევაში ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ პუტინი და ტრამპი შესაძლოა უკრაინის მონაწილეობის გარეშე ტერიტორიების გაცვლაზე ან რუსეთის სასარგებლოდ სხვა პირობებზე შეთანხმდნენ.

თუმცა თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეხვედრის დასრულებისთანავე პირობების განსახილველად პირდაპირ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკავს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის პირველ ორ წუთში ეცოდინება, შესაძლებელია თუ არა პუტინთან შეთანხმება.

„ვაპირებ, ყველა ვარიანტი განვიხილო. არადა, შემიძლია უბრალოდ ვუსურვო წარმატება, თავი დავანებო და ასე დავასრულო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამბავი არ მოგვარდება. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თვლიდნენ, რომ პუტინს მთელი უკრაინა სურდა. სხვათა შორის, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ჩემი აზრით, მე რომ არა, პუტინი ახლა არავისთან ისაუბრებდა, მაგრამ მე მას შევხვდები. ვნახოთ, რა იქნება. შეხვედრის დასრულებისთანავე დავურეკავ პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს, შევატყობინებ, როგორი შეთანხმების დადებას არ ვაპირებ. შეთანხმების დადება ჩემზე არაა დამოკიდებული. ვფიქრობ, შეთანხმება ორივესთვის მისაღები უნდა იყოს. რუსეთი კი თავისი ქვეყნის მშენებლობას უნდა დაუბრუნდეს. ეს უზარმაზარი ქვეყანაა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის აზრით, უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობას ამ ომის დასრულება სურს.

„პრეზიდენტ პუტინს შევხვდები და ვნახოთ, რა აქვს მას განზრახული. თუ ეს მოთხოვნა სამართლიანი იქნება, ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის შევატყობინებ. ვფიქრობ, პატივისცემის ნიშნად, ჯერ პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და შემდეგ დანარჩენებს. შემდეგ შეიძლება ვუთხრა: „წარმატებები, განაგრძეთ ომი“ ან შეიძლება შეთანხმებასაც მივაღწიოთ. ერთს გეტყვით, ვნახე უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები: ხალხის 88%-ს შეთანხმების მიღწევა სურს. სამი წლით უკან თუ დავბრუნდებით, ყველას ომის სურვილი ჰქონდა. იცით, ომი ყველას სურს, სანამ ის მართლა დაიწყება“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

პესიმისტურადაა განწყობილი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ჯარების განლაგების შესახებ, რაც ნიშანია არა ცეცხლის შეწყვეტის, არამედ ახალი სამხედრო ოპერაციების წამოწყებისთვის მზადების.

„დღეს გავრცელდა დაზვერვისა და სამხედრო სარდლობის ანგარიში იმის შესახებ, თუ რისი იმედი აქვს ვლადიმერ პუტინს და რისთვის ემზადება სინამდვილეში, მათ შორის ვგულისხმობ სამხედრო მზადებასაც. ის ნამდვილად არ არის განწყობილი ცეცხლის შესაწყვეტად ან ომის დასასრულებლად. პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ აშშ-სთან სამიტი მხოლოდ პირად გამარჯვებად წარმოადგინოს და შემდეგ განაგრძოს მოქმედება ზუსტად ისე, როგორც ადრე, უკრაინაზე იმავე ზეწოლით. ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსებმა მიიღეს გზავნილი ომისშემდგომი სიტუაციისთვის მოსამზადებლად. პირიქით, ისინი თავიანთ ჯარებსა და ძალებს ანაწილებენ, რაც ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის მზადებას მიანიშნებს. თუ ვინმე მშვიდობისთვის ემზადება, ასე არ აკეთებს. ჩვენ კვლავ მივაწვდით ინფორმაციას პარტნიორებს“,  – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

პრეზიდენტი ზელენსკი აფრთხილებს ვაშინგტონს, რომ კიევის მონაწილეობის გარეშე ნებისმიერი შეთანხმება პუტინთან მოლაპარაკების პროცესს ჩიხში შეიყვანს.

უახლესი

სხვა ამბები

00:04:35
spot_imgspot_img
Send this to a friend