მთავარიაზიაღაზაბერლინში ასობით დემონსტრანტმა ღაზაში ჟურნალისტების კარვის დაბომბვა გააპროტესტა

ბერლინში ასობით დემონსტრანტმა ღაზაში ჟურნალისტების კარვის დაბომბვა გააპროტესტა

ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოსთან ისრაელელი სამხედროების მიერ ჟურნალისტების კარვის დაბომბვას, რის შედეგადაც „ალ-ჯაზირას” ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა, მწვავე რეაქცია მოჰყვა მსოფლიოს მასშტაბით.

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქუჩაში ასობით ადამიანი გავიდა და მომხდარი გააპროტესტა. „ალ ჯაზირას”ჟურნალისტებზე ისრაელელი სამხედროების თავდასხმა დაგმო გაერომ. გაეროს პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდასხმა დაუშვებელია. მან ასევე განაცხადა, რომ შესაბამისი გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა მომხდართან დაკავშირებით დამნაშავეებმა პასუხი აუცილებლად აგონ.

„გენერალური მდივანი გმობს პალესტინელი ჟურნალისტების მკვლელობას ისრაელის მიერ ღაზის ქალაქზე 10 აგვისტოს განხორციელებული დარტყმის დროს. ეს მკვლელობა ხაზს უსვამს იმ უკიდურეს რისკებს, რომელთა წინაშეც ჟურნალისტები დგანან მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისას. ომის დაწყებიდან ღაზაში სულ მცირე 242 პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა. ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი საქმე შიშისა და შევიწროების გარეშე.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ჟურნალისტები მსოფლიოსთვის ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ამ და ნებისმიერი კონფლიქტის გაშუქებით. და რასაც აქ ვხედავთ, არის ჟურნალისტებზე წვდომის ნაკლებობა. არა? იმიტომ რომ ისრაელელები რაღაცას ამბობენ, „ჰამასი” რაღაცას ამბობს. ჩვენც რაღაცას ვამბობთ. და ერთადერთი გზა, რომ ხალხმა იცოდეს, რა ხდება ადგილზე, არის ის, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ თავიანთი სამუშაოს თავისუფლად შესრულების საშუალება”, – განაცხადა გაეროს პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა.

11 აგვისტოს ისრაელმა ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოსთან მდებარე, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ კარავს დაარტყა, რის შედეგადაც „ალ-ჯაზირას” ხუთი ჟურნალისტი დაიღუპა. ისრაელი ადასტურებს ერთ-ერთი ჟურნალისტის მიზანში ამოღებას და აცხადებს, რომ ის რეალურად „ჰამასის” წევრი იყო და არა ჟურნალისტი.

„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტში” აცხადებენ, რომ ღაზაში მიმდინარე ომში 186 ჟურნალისტი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend