უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთს აშშ-ის მოტყუება სურს.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში აღნიშნა, მკაფიო მხარდაჭერა არსებობს იმ პრინციპისა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უკრაინის მონაწილეობით უნდა გადაწყდეს, როგორც ეს მოხდებოდა ნებისმიერი სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემთხვევაში.
ომის დასრულების გზების განსახილველად ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პარასკევს, 15 აგვისტოს, შეხვდებიან ალასკას შტატში.
როგორც ცნობილია, პუტინი ინარჩუნებს მოსკოვის უკომპრომისო პოზიციას, რის გამოც ბევრი ღელავს, რომ კიევს, შესაძლოა, მოუწიოს მძიმე დათმობებზე წასვლა.
„ყველა ხედავს, რომ რუსეთს მშვიდობისკენ არცერთი რეალური ნაბიჯი არ გადაუდგამს. არ ყოფილა არანაირი ქმედება, არც ჰაერში და არც ხმელეთზე, რასაც შეეძლო ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინა. ამიტომაა საჭირო სანქციები და ზეწოლა. საჭიროა ძალა – უპირველეს ყოვლისა, აშშ-ის ძალა, ევროპისა და მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნის, რომელსაც მშვიდობა და სტაბილურობა სურს საერთაშორისო ურთიერთობებში. თუ რუსეთი არ შეწყვეტს ომს, უნდა შევაჩეროთ მისი ეკონომიკა.
ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს სამართლიანი მშვიდობის სახით. არსებობს მკაფიო მხარდაჭერა იმ პრინციპისა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უკრაინის მონაწილეობით უნდა გადაწყდეს. როგორც ეს ყველა სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემთხვევაში მოხდებოდა. ყველას უნდა ვცეთ პატივი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იზიარებს ამ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით.
გვესმის რუსეთის განზრახვა მოატყუოს ამერიკა – ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მე ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და ერთგულებას საკუთარი მიზნის მიმართ – შეწყვიტოს მკვლელობები. ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება. თუმცა, ამ მკვლელობების ერთადერთი მიზეზი პუტინის სურვილია იომოს და ისარგებლოს ყველა ადამიანით, ვინც მასთან კონტაქტში შევა. უკრაინაში რუსეთს ძალიან კარგად ვიცნობთ – სწორედ ამიტომაა, რომ უკიდურესად რთულ ვითარებაში, უკრაინელები სამ წელზე მეტია სრულმასშტაბიან ომს უძლებენ. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.