კატეგორიები

სტივ უიტკოფის პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სტივ უიტკოფის პუტინთან შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის პუტინთან 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვიანებით განაცხადა, სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერებიც, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

ლიდერებმა ისაუბრეს სტივ უიტკოფსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის დეტალებზე და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისთვის საჭირო ნაბიჯებზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დასრულება, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა დარწმუნდნენ, რომ კრემლი კიევისა და ვაშინგტონის მორიგ ჯერზე მოტყუებას არ ცდილობს.

„სუმის ოლქში ჩვენი ბრიგადების მონახულების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე. საუბარი პრეზიდენტი ტრამპის წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შედგა. ჩვენი საერთო პოზიცია პარტნიორებისთვის ნათელია: ომი უნდა დასრულდეს და ეს უნდა იყოს გულწრფელი დასასრული. სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერებიც. მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ ის, რაც მოსკოვში ითქვა.

როგორც ჩანს, რუსეთი ახლა უფრო მეტად ფიქრობს, დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. მათზე ზეწოლა მუშაობს. თუმცა მთავარი ისაა, რომ დეტალებში ჩვენ ან შეერთებული შტატები არ მოგვატყუონ. შევთავაზეთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენმა წარმომადგენლებმა – უკრაინამ და ჩვენმა პარტნიორებმა, უსაფრთხოების მრჩევლებმა – ისაუბრონ ჩვენი და საერთო პოზიციის, შეხედულების შესაჯერებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმაც და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა შესაძლოა „ძალიან მალე“ შედგეს.

Related news
კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ ევროპელი დიპლომატები პირობას დებენ, რომ უკრაინა 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მაინც მიიღებს
სხვა ამბები