7 აგვისტოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, იური უშაკოვმა განცხადება გაკეთა.
სწორედ ამ დროს იწურება თეთრი სახლის მიერ კრემლისთვის მიცემული ვადა, ანუ შესაძლებლობა, რომ მოსკოვმა პროგრესი აჩვენოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების თაობაზე.
იური უშაკოვმა განაცხადა, რომ სამიტი შესაძლოა მომავალ კვირას გაიმართოს და რომ შეხვედრის ადგილი პრინციპში შერჩეულია.
„ამერიკული მხარის ინიციატივით, პრინციპულად შევთანხმდით რომ მომდევნო დღეებში უმაღლესი დონის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება – შეხვედრა ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის. ახლა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ შეხვედრის ადგილისა და სხვა დეტალების განსაზღვრისათვის. ასევე, დავამატებ, რომ ადგილის თაობაზეც პრინციპულად შეთანხმებულები ვართ და ამ ინფორმაციას, მოგვიანებით გაგაცნობთ. რაც შეეხება სამმხრივი შეხვედრის საკითხს, რომელიც, რატომღაც განხილული იყო ვაშინგტონში გუშინ – ეს საკითხი ამერიკულის მხარის წარმომადგენელმა კრემლში შეხვედრის დროს ახსენა, მაგრამ მეტად განხილული არ ყოფილა. რუსულ მხარეს ამ შემოთავაზებაზე კომენტარი არ გაუკეთებია”, – თქვა უშაკოვმა.
უცნობია, როგორ იმოქმედებს მოსალოდნელი შეხვედრის დაანონსება ტრამპის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ვადაზე, რომელიც პარასკევს იწურება.
დონალდ ტრამპის პირობა ამგვარია – თუ 8 აგვისტომდე სამშვიდობო შეთანხმების თვალსაზრისით რეალური პროგრესი არ იქნება, რუსეთი მძიმე ეკონომიკური სანქციების წინაშე აღმოჩნდება.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების ეს შეხვედრა პირველი იქნება მას შემდეგ, რაც შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს 2021 წელს ჟენევაში შეხვდა.
