ევროკავშირის „კოპერნიკუსის“ კლიმატის ცვლილების სამსახურის ცნობით, 2025 წლის ივლისში არ განმეორებულა 2023 და 2024 წლების რეკორდული სიცხე. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გლობალური დათბობის ტენდენცია შეიცვალა.
„კოპერნიკუსის“ კლიმატის ცვლილების სამსახურის უფროსი მეცნიერი ჟულიენ ნიკოლასი აღნიშნავს, რომ რიგითობის მიხედვით, 2025 წლის ივლისი გლობალური საშუალო ტემპერატურის თვალსაზრისით მესამეა. „ყველაზე ცხელი ზაფხული 2023 წელს იყო, შემდეგ მოსდევს 2024. თუ გადავხედავთ ზღვის ზედაპირის გლობალურ საშუალო ტემპერატურას, აქაც 2025 წელს, 2023 და 2024 წლებთან შედარებით, ნაკლები სიცხე იყო“.
„კოპერნიკუსის“ უახლესი ანგარიშის თანახმად, ოდნავ უფრო გრილი ტემპერატურის მიუხედავად, საშუალო ზედაპირული ჰაერის ტემპერატურა მაინც აღემატება 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.
„ჩვენ რეალურად ვითვალისწინებთ გლობალური ტემპერატურის რეკორდების სერიას, რომელიც თითქმის ორ წელს გაგრძელდა, ანუ 2023 წლის შუა პერიოდიდან მიმდინარე წლის დასაწყისამდე, 2025 წლის იანვრამდე. ასე რომ, ეს იყო გლობალური ტემპერატურის რეკორდის გამონაკლისი სერია. ჩვენც ამ სერიას ვაკვირდებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. შესაბამისად, ვნახეთ, რომ გლობალური საშუალო ტემპერატურა ოდნავ შემცირდა“, – ამბობს ჟულიენ ნიკოლასი.
ნიკოლასის თქმით, გლობალური დათბობა ისე არ ჩანს ოკეანეებისა და ზღვის წყალობით, თუმცა ამის უკან საშიში შედეგები იმალება. იგი დასძენს, რომ ექსტრემალური ამინდის მოვლენები გაგრძელდება მანამ, სანამ გრძელვადიანი დათბობის ტენდენცია იქნება და სანამ არ შევწყვეტთ სათბური აირების ატმოსფეროში გამოყოფას, დათბობის ტენდენცია კვლავ გაგრძელდება. „სამწუხაროდ, ექსტრემალური ამინდების მოვლენა არ დასრულდება გლობალური ტემპერატურის რეკორდების დარღვევის გამო. ამიტომ საზოგადოება უნდა მოემზადოს ასეთი სიტუაციებისთვის და ყველამ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა სათბური აირების გამოყოფის შესამცირებლად”.
როგორც ცნობილია, „კოპერნიკუსი“ დედამიწაზე დაკვირვების სისტემაა, რომელიც დაფუძნებულია თანამგზავრულ და ადგილზე არსებული მონაცემების შეგროვებაზე.
