აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა შესაძლოა ძალიან მალე შედგეს, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუკონკრეტებია.
„სავარაუდოდ, პუტინსა და ზელენსკისთან შეხვედრა გაიმართება. ჯერ ადგილი არ ვიცით, მაგრამ დღეს ძალიან კარგად ვისაუბრეთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. დიდი შანსია, რომ ყველაფერი დავასრულოთ. ეს გზა გრძელი იყო და კვლავ გრძელდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა ძალიან მალე შედგება“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ოვალურ კაბინეტში მედიასთან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა და ის პროდუქტიულად შეაფასა.
მისი თქმით, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი დასასრულს მიუახლოვდეს.
„მომხდარს გარღვევას არ ვუწოდებ. ვგულისხმობ, რომ ამაზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. ათასობით ახალგაზრდა ადამიანი იღუპება, ძირითადად ჯარისკაცები, ასევე იცით, რომ კიევი და სხვა ქალაქები იერიშების სამიზნეა. წლის დასაწყისიდან დღემდე რუსეთმა 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა – 20 000. ვფიქრობ, უკრაინაში ეს რიცხვი დაახლოებით 9000-ია. საშინელი მდგომარეობაა. გვინდა, რომ ეს შეჩერდეს. იცით, ამ ომში ამერიკელი ჯარისკაცები არ მონაწილეობენ, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ შევაჩერო. ეს ჩემი ომი არ ყოფილა, არასდროს დაიწყებოდა და ის ჩემი პრეზიდენტობის დროს არც მომხდარა. ესაა ბაიდენის ომი, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
მიუხედავად მისი შეფასებებისა, დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ დააკვირდება პროცესს მომდევნო კვირებში და თუ აღმოაჩენს, რომ კრემლი დროის მოგებას ცდილობს, სანქციების საკითხს კვლავ განიხილავს.
„ჯერ ვერ გეტყვით, პუტინი მცდის თუ არა. ამის თქმას რამდენიმე კვირაში შევძლებ, შესაძლოა, ნაკლებ დროშიც. თუმცა დიდი პროგრესი გვაქვს და, როგორც იცით, ინდოეთს 50%-იანი ტარიფი დავუწესეთ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ, ინდოეთი მეორეა, ჩინეთთან ძალიან ახლოს. არ ვიცი, ეს დაკავშირებულია თუ არა მომხდართან, მაგრამ დღეს ძალიან პროდუქტიული მოლაპარაკებები გვქონდა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
6 აგვისტოს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს მოსკოვში შეხვდნენ. მოგვიანებით, შეხვედრის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ისაუბრა.
მისი თქმით, დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებენ, რაც პრეზიდენტი ტრამპის შეფასებებს მოისმენენ. თუმცა განაცხადა, რომ კრემლმა მიიღო გზავნილები დონალდ ტრამპისგან უკრაინის შესახებ.