ოფიციალური კიევი რუსეთ-საქართველოს საზღვართან მყოფი უკრაინის 95 მოქალაქის საკითხს ეხმიანებაა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან რუსეთმა საგრძნობლად გაააქტიურა საქართველოს საზღვარის გავლით უკრაინის მოქალაქეების დეპორტაცია, რამაც დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ჰუმანიტარული კრიზისი გააჩინა, ზოგიერთმა უკრაინელმა კი შიმშილობაც კი გამოაცხადა.
კიევში მიაჩნიათ, რომ ეს კრემლის მხრიდან გადადგმული მიზანმიმართული ნაბიჯია. უწყების განცხადებით, დეპორტირებული პირების მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ ქართულმა მხარემ თბილისის აეროპორტისკენ მათი ორგანიზებული ტრანსპორტირებისთვის მზაობა გამოთქვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოლდოვა, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, მათი მიღების მზაობას დაადასტურებდა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინა მზადაა, საკუთარი მოქალაქეები თავადვე წაიყვანოს სამშობლოში, არა საქართველოსა და მოლდოვის გავლით.
“რუსეთი ამ მოწოდებას უგულებელყოფს, რაც ასევე მეტყველებს მოსკოვის გააზრებულ სურვილზე, შექმნას ჰუმანიტარული კრიზისი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე“, – წერია განცხადებაში.
ტექსტიდან ვიგებთ, რომ ბუფერული ზონიდან კიევმა 44 პირის გაყვანა უკვე მოახერხა, ასევე იმასაც, რომ საქართელოში მოქმედი უკრაინის საელჩოს კონსულები საზღვარზე იმყოფებოდნენ და დეპორტირებულებთან პირდაპირ კონტაქტზე არიან.
კიევის განცხადებით, ქართველ და მოლდოველ კოლეგებთან მუშაობენ იმისთვის, რომ ჰუმანიტარული კრიზისი მოკლე დროში გადაიჭრას და მოქალაქეები უკრაინაში დაბრუნდნენ.
