კატეგორიები

რუსეთი მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების გამოუყენებლობაზე მორატორიუმს ტოვებს

რუსეთი მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების გამოუყენებლობაზე მორატორიუმს ტოვებს

რუსეთი უარს ამბობს მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების გამოუყენებლობის შეზღუდვაზე. ამიერიდან გადაწყვეტილებებს რუსეთის ხელმძღვანელობა ინდივიდუალურად მიიღებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ტექსტის თანახმად, მოსკოვი სამომავლოდ თავს აღარ შეიზღუდავს, რადგან მათთვის აქამდე მოქმედი მორატორიუმის შენარჩუნების პირობები აღარ არსებობს. არგუმენტად სერგეი ლავროვის უწყება ნატოს ადანაშაულებს იმაში, რომ ამერიკული წარმოების მცირე და საშუალო სიშორის რაკეტები მორატორიუმის მიუხედავად ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონებში თავსდება. ამ არგუმენტს იყენებს დასავლეთის კრიტიკისას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი დიმიტრი მედვედევიც.

მცირე და საშუალო რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ხელი 1987 წელს მოაწერეს, მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, აღარ ეწარმოებინათ და გამოეყენებინათ როგორც სახმელეთო დანიშნულების ბალისტიკური რაკეტები, ისე 500-დან 5500 კილომეტრამდე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები. ამ შეთანხმების დარღვევაში კრემლი და თეთრი სახლი ერთმანეთს დროდადრო ადანაშაულებდნენ და შეთანხმების დატოვებითაც იმუქრებოდნენ.

„ამიერიდან რუსეთი აღარ თვლის თავს რაიმეთი შეზღუდულად. შესაბამისად თვლის, რომ აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღოს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. ეს თავდაცვის საკითხებს ეხება, მგრძნობიარე თემაა, შესაბამისად, დეტალები საჯარო არაა”, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები