მთავარიაზიაისრაელიებრაული მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის სრული ოკუპაციის გადაწყვეტილება მიიღო

ებრაული მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის სრული ოკუპაციის გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორის სრული ოკუპაციის გადაწყვეტილება მიიღო და მიმდინარე კვირაში იგი მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

ებრაული მედიის ცნობით, რამდენიმე მინისტრმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ მათთან საუბრისას გამოიყენა ტერმინი „ზონის ოკუპაცია“. მან შეხვედრისას ღაზაში სამხედრო ოპერაციების გაფართოების გეგმაც წარმოადგინა.

ღაზის სექტორის ოკუპაციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა დაადასტურა, რომ კვირის ბოლოს  კაბინეტის მოწვევას აპირებს. მისი თქმით, აუცილებელია იმის გარანტია, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხე აღარ იქნება.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად დგომა და ბრძოლა, რათა მივაღწიოთ დასახულ სამხედრო მიზნებს: მტრის დამარცხებას, ჩვენი მძევლების გათავისუფლებასა და იმის გარანტიას, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს. ამ კვირის ბოლოს კაბინეტს მოვიწვევ, რათა მივცე მითითებები ისრაელის თავდაცვის ძალებს, თუ როგორ მიაღწიონ ამ სამ მიზანს ყოველ მიზეზგარეშე“, – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის თითქმის 75%-ს აკონტროლებენ. თუმცა ახალი გეგმის მიხედვით, სამხედროებს დანარჩენი ტერიტორიის დაკავებაც მოეთხოვებათ, რაც ნიშნავს, რომ მთელი ანკლავი ისრაელის კონტროლის ქვეშ მოექცევა.

თუმცა, როგორც ჩანს, ღაზის სექტორის ოკუპაციას ისრაელში ყველა არ ემხრობა. სავარაუდოდ, მათ შორისაა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი. ზოგიერთმა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ შტაბის უფროსი სამხედრო ოპერაციების გაფართოებას არ ეთანხმება, მაშინ ის უნდა გადადგეს.

ისრაელის შეცვლილი რიტორიკა მოჰყვა დასავლური ქვეყნების: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილებას. ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე უვადო კონტროლს შეინარჩუნებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:29
spot_imgspot_img
Send this to a friend