მთავარიევროპაუკრაინადონალდ ტრამპმა უკრაინაზე რუსეთის ბოლოდროინდელ თავდასხმებს „ამაზრზენი“ უწოდა

დონალდ ტრამპმა უკრაინაზე რუსეთის ბოლოდროინდელ თავდასხმებს „ამაზრზენი“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა რუსეთი 31 ივლისს კიევზე მიტანილი სარაკეტო იერიშების გამო და მომხდარს „ამაზრზენი“ და „სამარცხვინო“ უწოდა.

„ვფიქრობ, ეს ამაზრზენია. ის, რასაც რუსეთი აკეთებს, საშინელებაა. ეს ბაიდენის ომია, ჩემი ომი არ არის, მაგრამ ვთქვი, რომ, თუ ჩავერეოდი, ამ ყველაფრის შეჩერებას შევეცდებოდი. თუმცა რასაც რუსეთი აკეთებს, ძალიან სამწუხაროა. ბევრი რუსი იღუპება, უფრო მეტად რუსები იხოცებიან. უკრაინელებიც. თქვენ იცით, რომ აშშ ამ ომში ჩართული არაა. არც უნდა იყოს. სხვათა შორის, NATO-თან დავდე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, NATO გადაგვიხდის ყველაფრისთვის, რასაც უკრაინას გავუგზავნით: საბრძოლო მასალას, რაკეტებს და ა.შ. ჩვენ არაფერს ვიხდით ამ ომში მაგრამ ერთს გეტყვით – ეს ომი უნდა შეწყდეს. ეს სამარცხვინოა. აქამდე 5000 ჯარისკაცს კარგავდნენ, ახლა კი ყოველკვირეულად 7000 უკრაინელი და რუსი ჯარისკაცი იხოცება. მსხვერპლია ქალაქებსა და დაბებშიც, რადგან პუტინი მათ რაკეტებით უტევს. ეს სამარცხვინოა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად, ხელისუფლების განცხადებით, დაიღუპა 13 და დაიჭრა 132 ადამიანი. დაღუპულთა შორისაა 6 წლის ბიჭი.

კრემლის ბოლოდროინდელმა ნაბიჯებმა დონალდ ტრამპს რიტორიკის შეცვლისკენ უბიძგა. თუ წარსულში ის ამბობდა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების სურვილი არ ჰქონდა, ახლა მედიასთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვს ომის დასასრულებლად 8 დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციებს დააწესებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმასაც დასძენს, რომ არაა დარწმუნებული აწუხებს პუტინს ეს სანქციები თუ არა, თუმცა, ამის მიუხედავად, ის ამბობს, რომ სანქციები დაწესდება.

„დაახლოებით რვა დღე გვაქვს და დიახ, სანქციებს დავაწესებთ. არ ვარ დარწმუნებული, სანქციები აწუხებს პუტინს თუ არა. მე ყველაზე უკეთ ვიცი სანქციების, ტარიფებისა და სხვა ყველაფრის შესახებ. არ ვიცი, ამას რაიმე შედეგი ექნება თუ არა, მაგრამ გავაკეთებთ. ევროპა ძალიან განაწყენებულია, თუმცა ესაა ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ესაა ბაიდენის ომი, სულელური ომი, რომელშიც არასდროს უნდა ჩავრთულიყავით“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

30 ივლისს მედიასთან საუბრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად 10-დღიან ვადას აძლევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვს პასუხისთვის ვადა 8 აგვისტომდე ექნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend