მთავარიევროპაუკრაინაზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ანტიკორუფციულ ორგანოებს დამოუკიდებლობას აღუდგენს

ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ანტიკორუფციულ ორგანოებს დამოუკიდებლობას აღუდგენს

დღეს, 31 ივლისს, უკრაინის რადამ ახალ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორებისგან წამოსული მწვავე კრიტიკის პასუხად წარადგინა. კანონს, რომელიც სახელმწიფო ანტიკორუფციულ უწყებებს დამოუკიდებლობას აღუდგენს, ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პარლამენტარს ჩემი კანონპროექტის დამტკიცებისთვის. ახლა ეს უკვე კანონია. ხელი მოვაწერე დოკუმენტს და ტექსტი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება. იგი გარანტიაა, რომ ანტიკორუფციული ორგანოები დამოუკიდებლად იმუშავებენ – გარე თუ შიდა ჩარევების გარეშე. ეს გარანტია ეფუძნება სიცრუის დეტექტორის გამოყენებასა და რეგულარულ შემოწმებას ყველა იმ სამართალდამცავისთვის, ვისაც სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე აქვს წვდომა ან რუსეთში ჰყავს ნათესავები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ისმენს ხალხის აზრს. ეჭვგარეშეა, რომ უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

22 ივლისს მიღებულმა კანონმა, რომელიც ანტიკორუფციულ ორგანოებს გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაში აქცევდა, მწვავე რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს იყო ყველაზე მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები უკრაინაში.

უკრაინის უმაღლესი რადას დღევანდელ გადაწყვეტილებას ახალი კანონის დამტკიცების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილი მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ. კანონპროექტის კენჭისყრამდე აქტივისტები აქციაზე იმყოფებოდნენ, რათა მათი თქმით, ხელისუფლებისთვის შეეხსენებინათ, რომ ამ საკითხის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ განელებულა.

უკრაინელი დეპუტატები ხმას აძლევენ ახალ კანონპროექტს, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარადგინა, 31 ივლისი, 2025 წელი Copyright AP Photo

„ღამე რთული იყო. არ მძინებია და საერთოდ არ ყოფილა სასიამოვნო თავდასხმის გამო. მაგრამ მაინც მოვედი აქ, შევხვდი რამდენიმე ჩემს ნაცნობს, რომლებიც დღეს ერთი მიზნისთვის შეიკრიბნენ. ეს მიზანი მიღწეულია. ასე რომ, კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით”, – განაცხადა აქტივისტმა სოფია კუშნირენკომ.

ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურორის ოფისი დადებითად შეხვდნენ კანონის მიღებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend