დონალდ ტრამპი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, დიმიტრი მედვედევს, ყოფილ, წარუმატებელ პრეზიდენტს უწოდებს და აფრთხილებს, რომ ის ძალიან სახიფათო გზას ადგას.
„გადაეცით მედვედევს, რუსეთის ყოფილ, წარუმატებელ პრეზიდენტს, რომელიც თავს ჯერ კიდევ პრეზიდენტად თვლის, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ძალიან სახიფათო გზას ადგას!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე დაწერა.
მედვედევმა ტრამპის გადაწყვეტილებები არაერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის რუსეთს ულტიმატუმის ენით ესაუბრება. უკრაინაში ომის შესაწყვეტად რუსეთისთვის მიცემულ ტრამპის 10-დღიან ვადას კი, მედვედევმა ომისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.
დონალდ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებით, ინდოეთს შტატებმა 25%-იანი ტარიფები დაუწესა, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ინდოეთის მიერ რუსეთისგან სამხედრო აღჭურვილობისა და ნავთობის შესყიდვა დასახელდა.
„არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. მათ შეუძლიათ, თავიანთი ეკონომიკები ერთად ჩამოშალონ, რადგან ეს ჩემთვის სულერთია. ინდოეთთან ძალიან მცირე ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს – მათი ტარიფები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ასევე რუსეთსა და აშშ-ს შორის თითქმის არანაირი ეკონომიკური კავშირი არ არსებობს“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში ინდოეთისთვის ტარიფების დაწესების შემდეგ.