მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი ინდოეთსა და ბრაზილიას 25 და 50%-იან სავაჭრო ტარიფებს უწესებს

დონალდ ტრამპი ინდოეთსა და ბრაზილიას 25 და 50%-იან სავაჭრო ტარიფებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი BRICS-ის ქვეყნებს ტარიფებით უპირისპირდება. ევროკავშირთან, იაპონიასთან, ფილიპინებსა და ინდონეზიასთან სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის „ყოვლისმომცველი ტარიფების“ სამიზნე ახლა დოლარის მთავარი კონკურენტებიც გახდნენ.

30 ივლისს სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინდოეთს 25%-იან ტარიფებს დაუწესებს. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინდოეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფები აქვს და მასთან ვაჭრობა შეუძლებელია.

თუმცა პრეზიდენტ ტრამპს არც ის მოსწონს, რომ ინდოეთი  რუსულ ნავთობს ყიდულობს, რადგან, მისი თქმით, ნიუ-დელი ამ თანხით აფინანსებს ომს, რომლის დასრულებაზეც მთელი მსოფლიო მუშაობს. როგორც თავად ამბობს, მას ერთი მიზანი აქვს, დოლარზე თავდასხმის უფლებას არავის მისცემს.

„ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მათ შორის BRICS-თანაც. თქვენ იცით, რომ BRICS შეერთებული შტატების წინააღმდეგ შექმნილი ორგანიზაციაა, რომლის წევრიც, თუ ამას დაიჯერებთ, ინდოეთიცაა. ეს დოლარზე თავდასხმაა და ჩვენ არავის მივცემთ ამის უფლებას. ამრიგად, ტარიფები უკავშირდება  ნაწილობრივ BRICS-სა და ნაწილობრივ ვაჭრობის საკითხებს. ვითარება კი ასეთია: გვაქვს სავაჭრო დეფიციტი. პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი ჩვენთან დიდად არ ურთიერთობენ. ბევრ რამეს გვთავაზობენ, მაგრამ არ ვყიდულობთ და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ტარიფები აქვთ. მათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფები აქვთ. ახლა ისინი მისი შემცირებისთვის მზად არიან, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის აღწერის ბიუროს ინფორმაციით, ვაშინგტონს ნიუ-დელისთან თითქმის 46 მილიარდი დოლარის სავაჭრო დისბალანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო მეტი იმპორტი აწარმოვა, ვიდრე ექსპორტი.

BRICS-ის სხვა წევრებისგან განსხვავებით, 1.5-მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ინდოეთი ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან რეგიონში ის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაძლო გეოპოლიტიკურ მეტოქედ განიხილება. ინტერესი პარტნიორობისადმი კი ნამდვილად ორმხრივია. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ისინი საკითხზე უკვე მუშაობენ.

ტარიფების სამიზნე ბრაზილიაც გახდა. დონალდ ტრამპი  ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას  არაერთხელ დამუქრებია.

დონალდ ტრამპს ბრაზილიიდან იმპორტირებულ პროდუქტზე აქამდე უკვე ჰქონდა  დაწესებული 10%-იანი ტარიფი, თუმცა ახალი ბრძანებით, მას კიდევ 40%-იანი ტარიფი დაემატება, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა იმპორტირებულ საქონელზე 50%-იანი ტარიფი დადგინდება.

თეთრი სახლი შეშფოთებულია ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს, სისხლისსამართლებრივი დევნისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო. ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა მაგნიტსკის სიის ფარგლებში ბრაზილიის უმაღლეს მოსამართლესაც დაუწესა სანქციები. თუმცა ბრაზილიის პრეზიდენტი ინდოეთისგან განსხვავებული პოლიტიკის გატარებას გეგმავს და, როგორც ჩანს, ტარიფები მას აზრს არ შეაცვლევინებს.

„ძალიან მეჩქარება, რადგან წასასვლელი ვარ შეხვედრაზე, რომელზეც უნდა დავიცვა ბრაზილიელი ხალხის სუვერენიტეტი შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ზომების საპასუხოდ. ამრიგად, ჩემთვის დღეს სუვერენიტეტის დაცვის წმინდა დღეა“, – ამბობს ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა.

ინდოეთისთვის დაწესებული ტარიფი ძალაში პირველ აგვისტოს შევა, ხოლო ბრაზილიისთვის – 6 აგვისტოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend