მთავარიმსოფლიოპარიზის შემდეგ ლონდონი - პალესტინის აღიარებას დიდი შვიდეულის უკვე მეორე სახელმწიფო გეგმავს

პარიზის შემდეგ ლონდონი – პალესტინის აღიარებას დიდი შვიდეულის უკვე მეორე სახელმწიფო გეგმავს

პალესტინის სახელმწიფოს კიდევ ერთი წონიანი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ლონდონში მზად არიან პალესტინის სახელმწიფოებრიობა ოფიციალურად, გაეროს ტრიბუნებიდან აღიარონ, თუმცა კონკრეტული დათქმით. მინისტრთა კაბინეტთან საგანგებო სხდომის შემდეგ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ამას გააკეთებს, თუ მანამდე ისრაელი ღაზაში ცეცხლს არ შეწყვეტს. დიდი ბრიტანეთს პრემიერს არც 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის დაგმობა დავიწყებია და  არც „ჰამასის” მხრიდან ისრაელელი ტყვეების უკან დაბრუნების აუცილებლობა. თუმცა გამოსვლის მთავარი ნაწილი უფრო ხმამაღლა ჟღერდა. ლონდონი პალესტინას რეგიონის სუვერენულ სახელმწიფოდ ხედავს.

„ჩვენი მიზანია, ისრაელი იყოს უსაფრთხო და დაცული სუვერენული პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად. თუმცა, ამჟამად ამ მიზნის ასრულებას ისეთი საფრთხე ემუქრება, როგორიც არასდროს. დღეს, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, შემიძლია დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთი სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, თუ ისრაელის მთავრობა არ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ღაზაში შექმნილი უმძიმესი ვითარების დასასრულებლად. იგი უნდა დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და აიღოს ვალდებულება გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეფუძნება. ღაზაში გაეროს დახმარების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და არსებობდეს გარანტიები, რომ არ მოხდება დასავლეთ სანაპიროს ანექსია. ამავდროულად, ჩვენი გზავნილი „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფებისთვის უცვლელი და ცალსახაა: მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა მძევალი, ხელი მოაწერონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, დაყარონ იარაღი და დაგვპირდნენ, რომ  ღაზის მმართველობაში აღარ ჩაერევიან“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

„სტარმერი აჯილდოებს „ჰამასის” მონსტრ ტერორისტებს და სჯის მათ მსხვერპლს. ისრაელის საზღვარზე არსებული ჯიჰადისტური სახელმწიფო დღეს ბრიტანეთს შეუქმნის საფრთხეს უკვე ხვალ. ჯიჰადისტი ტერორისტების მიმართ შერიგების პოლიტიკა ყოველთვის მარცხით სრულდება. ის თქვენც გაგაწბილებთ. ეს არ მოხდება“, – პასუხობს მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ვიდრე ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუს გააბრაზებდა, დონალდ ტრამპი გააოცა. ჯერ კიდევ 2 დღის წინ დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ლიდერები ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდნენ და მათ შორის ღაზაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ანკლავში შიმშილის დასრულება და დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დღის წესრიგის ცენტრალური საკითხი იყო. თუმცა დონალდ ტრამპის სიტყვებიდან ჩანს, რომ ამ ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ბრიტანელებს ამერიკელების გაფრთხილება დაავიწყდათ.

„ჩვენ ეს არასოდეს განგვიხილავს, რაც გასაკვირია. ეს საკითხი არასოდეს განხილულა. შესაძლოა ამაზე ცოტა პრესკონფერენციაზე ყოფილიყო საუბარი, მაგრამ უფრო მეტად ჟურნალისტებთან. ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა, ჩვენ დავხარჯავთ ბევრ ფულს იმაზე, რომ ღაზაში საკვები ჩავიდეს. ამას გააკეთებს პრემიერ-მინისტრიც და ვფიქრობ ევროკავშირიც. იმედია, რომ ის სათანადოდ იქნება მიწოდებული. იქნება კიდეც, ასე ვფიქრობ”, – აღნიშნა ჟურნალისტების კითხვის პასუხად აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე ტრამპი ფიქრობდა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების განზრახვებით ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. ეს მაშინ თქვა, როდესაც სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება პარიზმა დააანონსა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონის გადაწყვეტილებას მიესალმა, რომლის ინიციატივაც დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან პირველმა სწორედ პარიზმა გამოთქვა. ჟან ნოელ ბარომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრიტანეთი ამ გზით ძალადობის უსასრულო ციკლის დასრულებას უწყობს ხელს.

„ორი სახელმწიფოს პრინციპით პრობლემის გადაწყვეტა ერთადერთი გზაა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ 9 თვის წინ საუდის არაბეთს, სხვა აქტორებსა და პალესტინის მთავრობასთან თუ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად კონკრეტული ნაბიჯებისკენ. ამას აქვს შედეგი, ნიუ-იორკში დღეს მიღებულ დეკლარაციაში არაბული სახელმწიფოები ისტორიაში პირველად გმობენ „ჰამასს”, 7 ოქტომბრის თავდასხმას, დაჯგუფების განიარაღების იდეას, მის რაიმე სახით მონაწილეობას პალესტინის მთავრობაში. ისინი ცხადად გამოხატავენ სურვილს, ჰქონდეთ ნორმალური ურთიერთობა ისრაელთან და შემოიერთონ ისრაელი და პალესტინის ახალი სახელმწიფო რეგიონულ ორგანიზაციებში”, – აღნიშნავს ფრანგი დიპლომატი.

ეს განცხადება ფრანგმა მინისტრმა ნიუ-იორკში გააკეთა, სადაც გენერალური ასამბლეის სხდომის მესამე დღეა ორი სახელმწიფოს პრინციპის ირგვლივ. ისრაელმა და აშშ-მა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და მას ომის დასრულების საკითხში კონტრპროდუქტიულიც უწოდეს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია დიდი შვიდეულის უკვე მეორე სახელმწიფოსთვის, დიდი ბრიტანეთისთვის ისრაელის პოზიცია ამ პლატფორმაზეც დაეგმო.

„ჩვენი ისტორიული გამოცდილებით დიდ ბრიტანეთს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭიროს ორი სახელმწიფოს პრინციპს. მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, ნეთანიაჰუს მთავრობის მხრიდან ორი სახელმწიფოს პრინციპის უარყოფა არასწორია. ეს არასწორია მორალურად და ეს არასწორია სტრატეგიულად. ეს აზიანებს ისრაელელი ხალხის ინტერესებს, რადგან კეტავს მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ გზას. სწორედ ამიტომ მოწადინებული ვართ, დავიცვათ ორი სახელმწიფოს პრინციპის სიცოცხლისუნარიანობა. შესაბამისად, ისტორიის ხელი ჩვენს მხრებზეა, რითაც მისი უდიდებულესობის მთავრობას განზრახული აქვს, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სექტემბერში”, – თქვა დევიდ ლამმა გაეროს ტრიბუნიდან.

აპლოდისმენტები შემთხვევითი არაა, გაეროს სახელმწიფოებიდან 140-ზე მეტი პალესტინას უკვე აღიარებს. ის ისტორიული პასუხისმგებლობა კი, რომელიც ლონდონს პალესტინის მიმართ აქვს, ბრიტანელ მინისტრს შემთხვევით არ უხსენებიათ. საქმე იმაშია, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ პალესტინა ბრიტანეთის ადმინისტრაციას დაუქვემდებარა, რომელმაც თავის მხრივ პალესტინაში ებრაელების ეროვნული სახლის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი. კონფლიქტის საწყის მიზეზად ბევრი სწორედ ამ პრეცედენტს მიიჩნევს, რამაც არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირების ასწლეული განსაზღვრა.

„ჩვენ მივესალმებით დიდი ბრიტანეთის განცხადებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს ისტორიული პასუხისმგებლობა პალესტინის საკითხის ირგვლივ. თუ დიდი ბრიტანეთი სექტემბერში აღასრულებს ამ განცხადებას, მაშინ ისინი გამოასწორებენ ისტორიულ უსამართლობას პალესტინელი ხალხისა და მათი უფლებების მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მოიტანს სამართლიანობას მთელი რეგიონისთვის”, – ასე მიესალმა ლონდონის გადაწყვეტილებას
ომარ ავადალაჰი, რომელსაც პალესტინის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა უკავია.

ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, რეგიონში მშვიდობის გზა ორი სახელმწიფოს პრინციპია, პალესტინისა და ისრაელის თანაცხოვრება სუვერენული სახელმწიფოების სტატუსით. თუმცა ეროვნული უსაფრთხოების, ისტორიული წარსულისა თუ ტერორიზმის მაღალი საფრთხის გამო ისრაელისთვის მსგავსი დაშვება მიუღებელია, მითუმეტეს „ჰამასის” პირობებში. კომპლექსურს საკითხს რელიგიური ფაქტორი ხდის. ისრაელს ძლიერი მხარდამჭერი ჰყავს, აშშ რეგიონში მთავარ სტრატეგიულ საყრდენს მხარდაჭერას უცხადებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend