ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი უკიდურესად მძიმდება. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული დახმარების მხოლოდ ნახევარი აღწევს რეგიონში, მიუხედავად ისრაელის მიერ შემოღებული ჰუმანიტარული დერეფნებისა. ორგანიზაციის მოთხოვნაა, დღეში მინიმუმ 100 სატვირთო შევიდეს ღაზაში, სადაც შიმშილობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სწრაფად იზრდება.
მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის საგანგებო მზადყოფნისა და რეაგირების დირექტორის როს სმიტის თქმით, მიუხედავად ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნისა, საკვებისა და აუცილებელი ტვირთის საჭირო რაოდენობა მაინც არ შედის რეგიონში:
„27 ივლისის შემდეგ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ტვირთის მხოლოდ ნახევარი შევიდა ღაზაში. ხალხი სასოწარკვეთილია. ადგილზე არსებული ვითარება უმძიმესია. ისინი მასობრივად უტევენ ჰუმანიტარული დახმარების მანქანების კოლონებს, რის გამოც ჩვენ ვერ ვახერხებთ ისეთ განაწილებას, როგორსაც ვგეგმავდით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორც უხსნიან ცეცხლს მშვიდობიან მოსახლეობას, რაც უმრავლეს შემთხვევაში მსხვერპლით სრულდება“, – განაცხადა მსოფლიო სასურსათო პროგრამის საგანგებო მზადყოფნისა და რეაგირების დირექტორმა როს სმიტმა.
პალესტინელებს დახმარების მიღება ხშირად სიცოცხლის ფასად უწევთ. ქალაქ ზავაიდაში ათობით მოქალაქე ზღვაში შევიდა, რათა პარაშუტით ჩამოყრილი საკვები – ფქვილი, შაქარი, ჩაი, ზეთი და ტკბილეული – მიეღოთ, თუმცა ტვირთის დიდი ნაწილი დასველდა და გაფუჭდა. ერთ-ერთი ადგილობრივი, კამელ ქორაანი, ამბობს, რომ ჰუმანიტარული დახმარების ასეთი სახით მიწოდება დამცირებაა. თუმცა ხალხი ცდილობს, უბრალოდ გადარჩეს.
„დახმარება ვერტმფრენებით ჩამოყარეს და ზღვაში ჩაყარეს. ზოგი ზღვაში იხრჩობოდა, ჩაის პაკეტები მთლიანად დასველდა. მას ვეღარ გამოვიყენებთ. ფქვილის ტომარაც წყლით გაიჟღინთა. ან საზღვრები გაგვიხსენით, რომ დახმარება შემოვიდეს, ან ასე არ ჩამოყაროთ. ეს ხომ დამცირებაა და არა დახმარება“, – ამბობს ღაზის მკვიდრი, კამელ ქორაანი.
გაეროსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ადგილზე „შიმშილის ყველაზე ცუდი სცენარი“ ვითარდება. გაეროს ანგარიშების მიხედვით, ღაზა უკვე ორი წელია, შიმშილის ზღვარზეა, ისრაელის მხრიდან ბლოკადის გამკაცრებამ და ომის გაგრძელებამ კი ვითარება უფრო მეტად დაამძიმა.
მიუხედავად იმისა, რომ პალესტინელები დამამცირებლად მიიჩნევენ დახმარების ასეთი ფორმით მიღებას, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.