მთავარიაზიაღაზაკირ სტარმერი პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარებაზე საუბრობს

კირ სტარმერი პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარებაზე საუბრობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარებაზე საუბრობს. კირ სტარმერის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, თუ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება და გრძელვადიანი მშვიდობისკენ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს. ღაზაში არსებული მდგომარეობის განხილვის მიზნით, კირ სტარმერმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოიწვია.

„ჩვენი მიზანია, ისრაელი იყოს უსაფრთხო და დაცული, სუვერენული პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად. თუმცა, ამჟამად ამ მიზნის აღსრულებას ისეთი საფრთხე ემუქრება, როგორიც არასდროს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, ვაღიარებთ პალესტინის სახელმწიფოს. ახლა მოქმედების დროა. ამიტომ დღეს, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, შემიძლია დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთი სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, თუ ისრაელის მთავრობა არ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ღაზაში შექმნილი უმძიმესი ვითარების დასასრულებლად.

იგი უნდა დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და აიღოს ვალდებულება გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეფუძნება. ღაზაში გაეროს დახმარების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და არსებობდეს გარანტიები, რომ არ მოხდება დასავლეთ სანაპიროს ანექსია. ამავდროულად, ჩვენი გზავნილი „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფებისთვის უცვლელი და ცალსახაა: მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა მძევალი, ხელი მოაწერონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, დაყარონ იარაღი და დაგვპირდნენ, რომ  ღაზას მმართველობაში აღარ ჩაერევიან“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პალესტინის შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებული განცხადების გამო გააკრიტიკა. იგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ამ ნაბიჯით სტარმერი „ჰამასის“ ტერორისტებს აჯილდოებს და მათ მსხვერპლს სჯის.

„დღეს ისრაელის საზღვარზე არსებული ჯიჰადისტური სახელმწიფო ხვალ ბრიტანეთს შეუქმნის საფრთხეს. ჯიჰადისტი ტერორისტების მიმართ შერიგების პოლიტიკა ყოველთვის მარცხით სრულდება. ის თქვენც გაგაწბილებთ“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით, პირველად განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა. მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ოფიციალურად დაადასტურებს. მისი თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპს, რომელიც რეგიონული უსაფრთხოების საფუძველი იქნება. ოფიციალური პარიზის პოზიცია ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილობამ განსაზღვრა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.  დონალდ ტრამპის თქმით, მაკრონის განცხადებას ფასი არ აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას. კირ სტარმერს იგი 28 ივლისს შოტლანდიაში შეხვდა. როგორც თავად ტრამპი ამბობს, მხარეებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ არ უსაუბრიათ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend