რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მომხდარმა 8.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ იაპონიის, ალასკისა და ჰავაის ტერიტორიებზე ცუნამის საფრთხე შექმნა. მიწისძვრის ეპიცენტრი კამჩატკის ნახევარკუნძულთან ახლოს იყო, რუსეთის რეგიონებში ზარალისა და ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება უკვე გავრცელდა.
წყნარი ოკეანის ცუნამის გაფრთხილების ცენტრმა განაცხადა, რომ ჰავაის, ჩილეს, იაპონიისა და სოლომონის კუნძულების ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია 1-იდან 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღები იყოს. რუსეთისა და ეკვადორის ზოგიერთ სანაპირო რაიონში კი – 3 მეტრზე მაღალიც. მათი თქმით, მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ჰავაის კუნძულების ყველა სანაპირო ზოლს.
„დაახლოებით დილის 08:25 საათზე რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულთან ახლოს, 8.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამ მიწისძვრის გამო ჰოკაიდოდან ვაკაიამას პრეფექტურამდე გაფრთხილება გაიცა იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მაქსიმუმ 3 მეტრამდე სიმაღლის ცუნამის შესახებ. ამ რაიონებში მცხოვრებლებს გთხოვთ, დაუყოვნებლივ გადაინაცვლოთ უსაფრთხო ადგილას, მაგალითად, მაღალმთიან ადგილებში“, – ამბობს იოშიმასა ჰაიაში, იაპონიის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ იაპონიის ჩრდილოეთ სანაპიროებზე 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღები შეიძლება განგაშის გამოცხადებიდან ნახევარ საათზე ნაკლებ დროში ამოვარდეს.
იაპონელმა და ამერიკელმა სეისმოლოგებმა დაადასტურეს, რომ იაპონიის დროით დილის 8:25 საათზე მომხდარი მიწისძვრის წინასწარი სიმძლავრე 8.0 მაგნიტუდა იყო. თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ 8.7 მაგნიტუდა იყო. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თქმით, მიწისძვრა 19.3 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ეპიცენტრთან ახლოს მდებარე უდიდესი ქალაქიდან, პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან იტყობინება, რომ ბევრი ადამიანი ქუჩაში ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გარეშე გაიქცა. სახლებში კარადები ჩამოინგრა, სარკეები ჩაიმსხვრა, ქუჩაში მანქანები ამოტრიალებული იყო, შენობების აივნები კი შესამჩნევად ირყეოდა.
ალასკაში დაფუძნებულმა ცუნამის გაფრთხილების ეროვნულმა ცენტრმა ალასკის ალეუტის კუნძულებისა და დასავლეთ სანაპიროს, მათ შორის კალიფორნიის, ორეგონის, ვაშინგტონისა და ჰავაის მოსახლეობა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილა.
იაპონია, რომელიც წყნარი ოკეანის ცეცხლის რგოლის სახელით ცნობილი ტერიტორიის ნაწილია, სეისმური ზონაა. ივლისის დასაწყისში კამჩატკასთან ახლოს ზღვაში ხუთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ყველაზე დიდი 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
2011 წელს კი იაპონიაში მომხდარ ტოჰუკუს 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, ოფიციალური მონაცემებით, 20 000-მდე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიწისძვრამ ასევე გამოიწვია ცუნამი, რომლის 10-მეტრიანმა ტალღებმა იაპონიას დაარტყა, ტალღები კი ხმელეთზე 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა. ეს იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქია იყო.