მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპის ულტიმატუმი პუტინს

დონალდ ტრამპის ულტიმატუმი პუტინს

აშშ რუსეთს უკრაინაში ცეცხლის სრულად შესაწყვეტად 10-დღიან ვადას აძლევს

დონალდ ტრამპი მოსკოვს უკრაინაში ცეცხლის სრულად შესაწყვეტად 10-დღიან ვადას აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კრემლს პასუხისთვის დრო 7 აგვისტომდე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებული შტატების პრეზიდენტი „მკაცრი სანქციებით“ იმუქრება. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეს სანქციები რუსეთის სავაჭრო პარტნიორებსაც შეეხებათ.

– „თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთისთვის ვადას 10 ან 12 დღემდე შეამცირებდით. ვადის ათვლა უკვე დაიწყო? როდის მოვისმენთ ოფიციალურ განცხადებას?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს.

– „იცი, ახლავე გეტყვი. გსურთ დიდი ამბავი? ყველამ ყურებზე ხელები აიფარეთ. მზად ხართ?“ – უპასუხა დონალდ ტრამპი.

– „მზად ვართ“.

– „დღეიდან ათი დღე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტმა ტრამპმა მწუხარება გამოთქვა იმის გამოც, რომ მისი განცხადებების შემდეგ კრემლი არაფერს ამბობს. თუმცა არ დუმს ვლადიმერ პუტინის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი, რომლის თქმითაც, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინაში გრძელდება.

„ჩვენ მოვისმინეთ დონალდ ტრამპის გუშინდელი განცხადება. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ჩვენ ძველებურად გვსურს სამშვიდობო პროცესის, უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის დარეგულირებისა და ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფა“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.

თუმცა კონფლიქტის დარეგულირებით კრემლი დაინტერესებული რომ არ არის, ისიც მოწმობს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, 29 ივლისის ღამეს, მოსკოვმა უკრაინაზე წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 73 ქალაქი და სოფელი მოიცვა. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, დრონებისა და რაკეტების იერიშებს ქვეყნის მასშტაბით 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 23 წლის ორსული ქალი. 100 ადამიანი კი დაშავდა.

„დღევანდელი დღე რთული იყო. ბევრია დახოცილი და დაშავებული ზაპოროჟიის რეგიონში: რუსული ბომბები მოხვდა საპატიმრო დაწესებულებას. რუსებმა იცოდნენ, რომ ამ მხარეს მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად ექნებოდათ.  შეტევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.

სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს. 43 ადამიანი დაშავდა. სასტიკი თავდასხმა იყო ქალაქ კამენსკოეზეც, სადაც მიზანში საავადმყოფო ამოიღეს. სამი ადამიანი დაიღუპა, ბევრია დაშავებული. ხარკივის რეგიონშიც  იყო იერიშები, რომლებსაც მსხვერპლიც მოჰყვა.  დონეცკის რეგიონი ყოველდღიური თავდასხმის სამიზნეა. რუსეთი მსოფლიოში არ აქცევს ყურადღებას არავის, ვისაც ომის დასრულება სურს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები რუსეთის სავაჭრო პარტნიორებსაც შეეხებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend