კრემლში ეხმაურებიან დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შესაწყვეტად 10-12 დღე აქვს.
მოსკოვი მოკლე პასუხით შემოიფარგლა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება „მხედველობაში მიიღო”, თუმცა ამის მიუხედავად ქვეყანა ომში დასახული მიზნების შესრულებას აგრძელებს. პუტინის ოფისში არ პასუხობენ შეკითხვას იმის თაობაზე, აღელვებთ თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მათთან საუბრით აღარაა დაინტერესებული.
„ჩვენ ცნობად მივიღეთ დონალდ ტრამპის გუშინდელი განცხადება. სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, ძველებურად ვინარჩუნებთ ჩვენს მისწრაფებას სამშვიდობო პროცესში, უკრაინის ირგვლივ კონფლიქტის დარეგულირებასა და ჩვენი ინტერესების უზრუნველყოფაში.
ნორმალიზების პროცესში შენელება ნამდვილად შეიმჩნევა, დაინტერესებული ვართ მეტი დინამიკით, თუმცა აქ იმპულსი ორივე მხრიდანაა საჭირო. ამიტომ ვაგრძელებთ ამ ჩვენს დაინტერესებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ პროცესი მიიღებს მეტ დინამიკას“, – აღნიშნავს დიმიტრი პესკოვი.
შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას ამცირებს, რადგან უკრაინაზე ვლადიმერ პუტინის თავდასხმებით იმედგაცრუებულია.