ღაზის სექტორზე მიტანილ ისრაელის მორიგ იერიშს 7 თვის ორსული ემსხვერპლა. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა, თუმცა რამდენიმე საათში ისიც გარდაიცვალა.
ახალშობილი გოგონა, რომელსაც დედის სახელი, სუადი დაარქვეს, ნასერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა უშედეგოდ. სუად ალ-შაერი, შვიდი თვის ორსული, ერთ-ერთი იყო იმ 12 პალესტინელს შორის, რომლებიც მუვასის რაიონში ღამით ისრაელის ავიადარტყმას ემსხვერპლნენ.
ნასერის საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, აჰმედ ალ-ფარა, ამბობს, რომ ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს. იგი ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ ჟანგბადის უკმარისობის გამო.
„ის ძალიან რთულ ვითარებაში დაიბადა. ჯერ არ მინახავს. ექიმს ვუთხარი, რომ საკეისრო გაეკეთებინა და პასუხისმგებლობას მე ავიღებდი, რათა ნაყოფი გადაგვერჩინა. ჩვილი ნეონატალურ განყოფილებაში გადავიყვანეთ, მაგრამ მას სიცოცხლე არ ეწერა”, – ამბობს სუადის მამა იბრაჰიმ ქეიშტა.
ტრაგედია, რომელიც ღაზის ყოველდღიურობის ნაწილია, კონფლიქტის მძიმე რეალობას ასახავს. ავიადარტყმები არა მხოლოდ ქუჩებსა და კარვებს, არამედ ჯერ არდაბადებულ სიცოცხლესაც ანადგურებს. სუადის ხანმოკლე სიცოცხლე, როგორც ექიმები ამბობენ, მაგალითია იმისა, რომ სიკვდილმა არ იცის საზღვრები.