მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპი ისრაელს მოუწოდებს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა უზრუნველყოს

დონალდ ტრამპი ისრაელს მოუწოდებს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა უზრუნველყოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ღაზაში პალესტინელმა მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ისრაელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან 20-მდე მძევალი ჯერ კიდევ გასათავისუფლებელია.

„ჩვენ ფულსა და საკვებს ვაწვდით. თუმცა ჩვენ აქ, შეერთებულ შტატებში, ვართ. ჩვენ მიერ გაგზავნილი დახმარება მან (ნეთანიაჰუ) უნდა მართოს. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ღაზაში ყველას საკმარისი საკვები ექნება. ისრაელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.  ჯერ კიდევ 20-ამდე მძევალია გასათავისუფლებელი. ისრაელის მოსახლეობა ამ 20 მძევლის გამო შეშფოთებულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შეიძლება ითქვას, რომ ისინი უფრო მეტად შურისძიებაზე ფიქრობენ, ვიდრე მძევლების დაბრუნებაზე. თუმცა ნამდვილად სურთ, რომ გადარჩნენ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.


.

შოტლანდიაში გამართული შეხვედრისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის, რაც დღეს ღაზაში ჰუმანიტარული თვალსაზრისით ხდება, მიუღებელია. შესაბამისად, კირ სტარმერის განმარტებით, დასავლეთმა ისრაელზე ზეწოლა უნდა გაზარდოს, რათა პალესტინელმა მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ მიიღოს. კირ სტარმერმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად გასწია.

„მძევლები უნდა გათავისუფლდნენ. ისინი ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არიან ტყვეობაში. სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ. ასევე ვაღიაროთ, რომ ღაზაში არსებული სიტუაცია აუტანელია. ამას ბრიტანელი საზოგადოების სახელით ვამბობ. განსაკუთრებით იმ კადრების ხილვის შემდეგ, რომლებშიც მშიერი ბავშვები ჩანან. ეს ამაზრზენია.

ბრიტანელები ზიზღს გამოხატავენ იმის გამო, რასაც ხედავენ. მათ იციან და ჩვენც ვიცით, რომ ჰუმანიტარული დახმარება სწრაფად და დიდი რაოდენობით უნდა გავაგზავნოთ. დიახ, ამის გაკეთება საჰაერო გზითაც შესაძლებელია და ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ აშშ-სთან, იორდანიასთან ერთად. თუმცა დახმარება სატვირთო მანქანების მეშვეობითაც უნდა მივაწოდოთ, რადგან დიდი რაოდენობით მიწოდება მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი.

ჩვენ მადლობას ვუხდით პრეზიდენტს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან გაწია ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, ეს აუცილებლად გვჭირდება. თუმცა ბევრად მეტია საჭირო. ჩვენ სხვა ქვეყნებიც უნდა ჩავრთოთ. დიახ, ეს გულისხმობს ისრაელზე ზეწოლის გაზრდას, რადგან დღეს ჩვენ ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე ვართ“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

ისრაელის ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ ღაზაში მოსახლეობა შიმშილობს. ისრაელის სამხედრო სპიკერმა გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ღაზაში შიმშილობის პრობლემა არ დგას. მისი თქმით, დახმარების სააგენტოების, სურსათის ექსპერტებისა და ისრაელის მოკავშირეების შეშფოთების მიუხედავად, პალესტინელ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. მან „ჰამასი” შიმშილობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ჰამასმა” ღაზის სექტორზე შიმშილობის შესახებ სიცრუის კამპანია წამოიწყო.


.

„ბრძოლა მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ კვლავ ხელს ვუწყობთ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესს. ისრაელმა დაიწყო საკვების, წყლისა და მედიკამენტების განაწილების გზების შექმნა. ეს ღაზაში შიმშილის თავიდან ასაცილებლად კეთდება. ჩვენ ვაკონტროლებთ ოთხ კომპლექსს, უზრუნველვყოფთ კოლონის გაშვებასა და  დახმარების საჰაერო გზით მიწოდებას… გარდა ამისა, ჩვენ განვსაზღვრეთ ჰუმანიტარული დერეფნები, რომლებითაც გაეროს კოლონა და დახმარების ორგანიზაციები უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას. ამას ემატება ის პაუზები, რომლებსაც ჩვენ ვუშვებთ საბრძოლო მოქმედებების დროს, რათა მშვიდობიან მოსახლეობას მივაწოდოთ ჰუმანიტარული დახმარება“, – განაცხადა გენერალმა ეფი დეფრინმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend