აშშ-ის ტაქტიკური ბირთვული არსენალი ბრიტანეთში ბრუნდება – ასე საუბრობენ დასავლურ მედიაში. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი ნიუ-მექსიკოში მდებარე კირთლენდის საავიაციო ბაზიდან, სადაც აშშ-ის ბირთვული იარაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საცავია, აფრინდა და მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი კი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ლაკენჰითის ბაზა იყო, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
ოფიციალური უწყებები ამ ლოგისტიკური ოპერაციის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. ლაკენჰითის ავიაბაზაზე ამერიკული ბირთვული შეიარაღება 2008 წლამდე ინახებოდა.
ლაკენჰითის საავიაციო ბაზაზე ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო დანაყოფია დისლოცირებული, სადაც დაახლოებით 7000 სამხედრო მოსამსახურე ირიცხება. ბაზაზე დისლოცირებულია საჰაერო ძალების 48-ე ტაქტიკური ერთეული, რომელიც მოიცავს საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ გამანადგურებელთა 4 ესკადრილიას.
ამ სამხედრო ბაზაზე მყოფი ქვედანაყოფები აქტიურად მონაწილეობენ ევროპის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა მრავალეროვნულ სწავლებაში, ასევე ნატოს, აშშ შეიარაღებული ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობების სამხედრო ოპერაციებში.
ამერიკის შეერთებულ შტატებს ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში აქვს განლაგებული, მაგალითად, ბელგიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, გერმანიასა და თურქეთში.
რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ საკუთარ ბირთვულ პროგრამას დიდ ყურადღებას უთმობს დიდი ბრიტანეთიც. 2021 წლის შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ გადაწყვიტა ბირთვული მარაგის გაზრდა და განაცხადა, რომ აღარ გაასაჯაროებს ინფორმაციას ოპერატიულ მარაგზე, რაკეტებსა და ბირთვულ ქობინებზე.
2025 წლის ივნისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო შეუერთდებოდა ნატოს ბირთვული შეკავების მისიას და შეიძენდა 12 მრავალფუნქციურ F-35A ტიპის გამანადგურებელს, რომლებსაც ბირთვული იარაღის ტარება შეუძლიათ.
ამჯერად, დიდი ბრიტანეთის ბირთვული არსენალი ვანგარდის კლასის წყალქვეშა ხომალდებზეა განთავსებული.