მთავარიმსოფლიოსასურველი შეთანხმება თუ მტკივნეული კომპრომისი - ბრიუსელისა და ვაშინგტონის ახალი შეთანხმება

სასურველი შეთანხმება თუ მტკივნეული კომპრომისი – ბრიუსელისა და ვაშინგტონის ახალი შეთანხმება

ბრიუსელი და ვაშინგტონი თამაშის ახალ წესებზე თანხმდებიან. მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას 1.7 ტრილიონი ევროს ოდენობის ურთიერთვაჭრობაში კორექტივები შეაქვთ და ახალ  სავაჭრო პარამეტრებს ადგენენ. ამიერიდან აშშ-ში შესულ ევროპულ პროდუქციას 30%-ის ნაცვლად 15%-იანი ამერიკული ტარიფი შეეხება, ევროკავშირის ქვეყნები კი აშშ-სგან  750 მილიარდი დოლარის ოდენობის ენერგომატარებლებს შეისყიდიან, ისევე როგორც სამხედრო ტექნიკას. ეს ყველაფერი მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოხდება. ევროპელები დათანხმდნენ ამერიკულ ეკონომიკაში დამატებით 600 მილიარდიანის ინვესტიციის განხორციელებასაც – რაში და როდის უცნობია.

„ეს შესაძლოა ყველაზე დიდი გარიგებაც კი იყოს ყველა მიმართულებით. საქმე გვაქვს გიგანტურ შეთანხმებასთან – ძალიან ბევრ ქვეყანასთან მიმართებით.  ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ  თამაშების ნაცვლად გარიგებას მივაღწიეთ. ეს კარგი ამბავი, კარგი შეთანხმებაა ყველასათვის”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრა შოტლანდიაში Copyright AP Photo

ცნობილია, რომ  50%-იანი ტარიფები, რომლებიც დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ყველა ქვეყანას ალუმინისა და რკინის იმპორტზე დაუწესა, ევროკავშირის შემთხვევაშიც ნარჩუნდება. გარკვეულ პროდუქციაზე კი ტარიფებს აშშ-სთვის  ძალაში ტოვებენ ევროპელებიც, ამასთან არ ზუსტდება რაზე. განიხილება, რომ ევროპელებმა მანქანების წარმოებაში ამერიკული სტანდარტიც აღიარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ შტატები ავტომობილების ევროპაში გაყიდვას შეძლებს.

„ეს დიდი გარიგებაა, რომელიც იძლევა სიცხადეს გაურკვევლობის დროში. მას მოაქვს სტაბილურობა და პროგნოზირებადობა ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს ბიზნესებისა და მოქალაქეებისთვის. ჩვენ ჩავანაცვლებთ რუსულ გაზსა და ნავთობს აშშ-სგან ნაყიდი  ხელშესახები რაოდენობის გათხევადებული ბუნებრივი აირით, ასევე ნავთობითა და ბირთვული საწვავით. ეს იყო რთული მოლაპარაკებები, მაგრამ კარგ შედეგამდე მივედით”, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, შეთანხმება ორივე მხარისთვის „კარგ სამუშაო ადგილებს” შექმნის Copyright AP Photo

ენთუზიაზმს არ იზიარებს ევროპელების დიდი ნაწილი, რადგან ფართო გაგებით მიიჩნევა, რომ ეს შეთანხმება ამერიკისთვის გამარჯვებაა, ევროპისთვის კი მტკივნეული კომპრომისი. თუმცა მთავარი მიზანი, რომელზეც ევროპა გათვლას აკეთებდა – მეტი სიცხადის მიღება იყო, ამიტომ ევროპელები არასასურველი შეთანხმების მიმართ ბოლომდე მკაცრები ვერ არიან. უფრო ღიად საუბრობენ ანალიტიკოსები, ისინი ამ გარიგებაში ვაშინგტონის უპირატესობას აღიარებენ, თუმცა მასში ევროპისთვის სასარგებლო ელემენტსაც ხედავენ.

„საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ეს გარიგება პრობლემურია. ეკონომიკური გაგებით ვიტყოდი, რომ ევროპისთვის ეს შესრულებადი პირობაა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცალსახად  ტრამპის გამარჯვებაა. დიახ, ეს ყველაფერი აჩვენებს ევროპის სისუსტეს, რაც ცუდია, თუმცა რაც აშშ-მა სანაცვლოდ მიიღო, ვფიქრობ, მათთვის უფრო ცუდი შედეგია, ვიდრე ჩვენთვის”, – ამბობს ეკონომისტი, ნიკლას პოიტერსი.

„სავაჭრო ბირჟებს არ უყვართ გაურკვევლობა და ამ მხრივ სიცხადე გაჩნდა, თუმცა ეს გარიგება უდიდესი გამოწვევაა მწარმოებლებისთვის. საკუთარი ტაქტიკით დონალდ ტრამპმა წარმატებას მიაღწია, ფონ დერ ლაიენი კი ზეწოლის ქვეშ იყო. ბევრი არჩევანი არ ჰქონდა. ამ სიტუაციიდან საუკეთესო უნდა მიეღო. მას ძლიერი ბერკეტები არ ჰქონდა”, – აღნიშნა არტურ ბრუნერმა  ICF ბანკიდან.

შეთანხმების სრული ვერსია ჯერ საჯარო არ არის, ამიტომ ევროპელების ნაწილი მისი შეფასებისას ფრთხილობს. ნაწილი კი მომხდარს საკუთარი არგუმენტების გასაძლიერებლად იყენებს, ეს როლი ტრადიციულად საკუთარ თავზე ბუდაპეშტმა აიღო.  ვიქტორ ორბანის თქმით, ამ გარიგებით „დონალდ ტრამპმა ურსულა ფონ დერ ლაიენი საუზმეზე შეჭამა”. არასაჭირო ესკალაციის თავიდან არიდებისთვის გადახდილი ფასი მისაღებია ბერლინისთვის. კანცლერი  მერცი არ მალავს, რომ უკეთესს ისურვებდა, თუმცა, მზადაა, ევროკომისიას მხარდაჭერა გამოუთქვას. ამაში მარტო არაა.

„ვაფასებ ევროკომისიის ძალისხმევას და ნებისმიერ შემთხვევაში მხარს ვუჭერ ამ შეთანხმებას, მაგრამ განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე. რა უნდა გაეკეთებინა ევროპას? ვფიქრობ, მთავარი გაკვეთილი რაც საერთაშორისოდ მიმდინარე პროცესებიდან უნდა გამოვიტანოთ, ისაა, რომ ევროკავშირმა წინ უნდა წაიწიოს სტრატეგიული ავტონომიისა თუ სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით. გვჭირდება დივერსიფიკაცია”, – ამბობს ესპანელი პრემიერი, პედრო სანჩესი.

„ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმებით წარმატებით აიცილეს სავაჭრო კონფლიქტი, რომელიც მძიმედ დაარტყამდა გერმანიის ექსპორტზე ორიენტირებულ ეკონომიკას. ევროკავშირის ერთიანობამ და მომლაპარაკებლების შრომამ შედეგი გამოიღო. ჩვენ შევძელით ჩვენი ძირითადი ინტერესების დაცვა. სტაბილური და პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობები ბაზარზე წვდომით სარგებელს მოუტანს ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მყოფ ყველა ადამიანს, როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებლებს“, – წერს ფრიდრიხ მერცი.

„ვფიქრობ, პოზიტიურია, რომ შეთანხმება მიღწეულია. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის სავაჭრო ესკალაციას მოულოდნელი და გამანადგურებელი შედეგები ექნებოდა. მკაფიოდ ითქვა, რომ არის სექტორები, რომლებიც საკმაოდ მგრძნობიარეა, ასეთია ფარმაცია, ავტომობილები – ისინი ამ 15%-ში ხვდებიან. მნიშვნელოვანია, შევხედოთ სოფლის მეურნეობის საკითხებს. ბევრი ელემენტია, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არ გვაქვს. სწორედ ამიტომ არ შემიძლია გარიგების სრულფასოვნად შეფასება. პირობები შესასწავლია, წინ ბევრი სამუშაოა ევროკავშირის დონეზეც და ეროვნულ დონეზეც”, – პასუხობს ჟურნალისტებს ჯორჯა მელონი.

აშშ-სა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა მსოფლიო ვაჭრობის მესამედს შეადგენს და ის პროდუქტებთან ერთად მომსახურებასაც გულისხმობს. ევროკავშირში წარმოებული პროდუქცია, რომელიც აშშ-ში შედის, საგრძნობლად აღემატება ამერიკულ პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ხვდება. გასული წლის მონაცემებით, ციფრები დაახლოებით ასე გამოიყურება – 606 მილიარდი 370 მილიარდის პირისპირ, ევროპელების სასარგებლოდ. ამ  დეფიციტს აშშ სერიოზულ პრობლემად მიიჩნევდა და მის აღმოფხვრაზე მუშაობა მუქარის შემცველი განცხადებებით დაიწყო. პირველი აგვისტოდან ევროპულ იმპორტზე ტრამპი 30%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავდა, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend