მთავარიაზიაღაზაჰუმანიტარული დახმარება, როგორც გადარჩენის ერთადერთი გზა

ჰუმანიტარული დახმარება, როგორც გადარჩენის ერთადერთი გზა

ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, 27 ივლისს ღაზაში საჰაერო გზით სურსათით დატვირთული 28 პაკეტი ჩამოაგდეს და უსაფრთხო მარშრუტები შექმნეს, რომ ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელ მოსახლეობამდე მისულიყო.

პალესტინელები ამბობენ, რომ ამ ოდენობის დახმარება ორმილიონიანი მოსახლეობისთვის საკმარისი ვერ იქნება. ამასთან,  ადგილობრივების მტკიცებით, ამ დახმარებას მოსახლეობის დიდ ნაწილამდე არც კი მიუღწევია.

„ჩვენ არაფერი გვინახავს არც ხმელეთიდან, არც ჰაერიდან და არც სხვა გზით. აქ დახმარება არ მოსულა. გზის პირას ვსხედვართ, ჩვენამდე არაფერი მოდის. კარვებში ვცხოვრობთ. ველოდებით, თუნდაც, კილოგრამ ფქვილს და ისიც არავის მოაქვს“, – ამბობს პალესტინელი მარიამ იაჰია.

„დღეს თქვეს, რომ ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას ცეცხლი შეწყდებოდა. ჩვენ ასეთი რამ არ გვინახავს. თვითმფრინავები დავინახეთ, მაგრამ ჩამოყარეს თუ არა რამე, არ ვიცით. თუ რამეს ჩამოაგდებენ,  მხოლოდ რამდენიმე ყუთი იქნება. იქნება ეს საკმარისი? უამრავი ოჯახი ცხოვრობს ბანაკებში. თან რამდენიმე ბანაკია. გვითხრეს, რომ სატვირთო მანქანები ჩამოივლიდნენ, მაგრამ ჩვენ ისინი არ გვინახავს. ფასების შემცირებასაც დაგვპირდნენ,  მაგრამ  არც ეს შეუსრულებიათ.  ძალიან რთული მდგომარეობაა. ასე ცხოვრება შეუძლებელია. შვილებს ვერ ვეხმარებით“, – ამბობს სამირა იაჰია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ისრაელი ღაზაში „მინიმალური“ რაოდენობის დახმარების შეტანას დაუშვებს. მან 2-მილიონიან მოსახლეობას დახმარება შეუზღუდა, რადგან მიაჩნიათ, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას „ჰამასი“ სათავისოდ და  მმართველობის გასაძლიერებლად იყენებს. ისრაელი კი ამას არ დაუშვებს. თუმცა, როგორც პალესტინელები ამბობენ, მათ არც მინიმალური რაოდენობის დახმარება მიუღიათ.

„დახმარება საჰაერო გზით მოგვეწოდება. ადამიანებს კარვის დატოვების ეშინიათ, რომ მათ ყუთები არ დაეცეთ. ბევრი ადამიანი დაიღუპა ასეთ დროს. ცეცხლი არ შეწყვეტილა. ჩვენს სახლებში ვერ ვბრუნდებით. ჩვენ კვლავ იძულებით გადაადგილებული პირები ვართ. მდგომარეობა არ იცვლება: ისევ ალყაში ვართ, საკვები და სასმელი კი არ არსებობს,“ – ამბობს აჰმედ ალ-სუმაირი.

ღაზაში უამრავ მოქალაქეს პატარა ტერიტორიაზე უწევს თავის შეფარება. ისინი მთლიანად ჰუმანიტარულ დახმარებაზე არიან დამოკიდებული. გაეროს ინფორმაციით, ღაზის მოსახლეობის დიდი ნაწილს საკვები კვლავ არ მიეწოდება. რეგიონში თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend