პალესტინელებმა შეიტყვეს, რომ სახელმწიფოებრიობის გზაზე სექტემბერში პოზიტიურ სიახლეს უნდა ელოდონ. დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარება აქამდე არავის გაუბედავს, პირველი საფრანგეთი იქნება. ემანუელ მაკრონმა საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა მაჰმუდ აბასისთვის მიწერილ წერილში, რომელშიც პალესტინელ კოლეგას უთხრა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მიმართ ისტორიული სწრაფვა ამოძრავებს, რაც უდევს კიდეც მის გადაწყვეტილებას საფუძვლად.
„გადავწყვიტე, ვაღიარო პალესტინის სახელმწიფოებრიობა. ამ საზეიმო გადაწყვეტილებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მომავალი წლის სექტემბერში გავახმოვანებ. დღეს აუცილებელია ღაზაში ცეცხლი შეწყდეს და გადარჩეს მისი მოსახლეობა. მშვიდობა შესაძლებელია – სხვა ალტერნატივა არ არსებობს. აუცილებელია შეწყდეს ცეცხლი, გათავისუფლდნენ ტყვეები და ღაზაში მასშტაბური ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდეს.
Consistent with its historic commitment to a just and lasting peace in the Middle East, I have decided that France will recognize the State of Palestine.
I will make this solemn announcement before the United Nations General Assembly this coming September.… pic.twitter.com/VTSVGVH41I
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) July 24, 2025
ასევე უნდა მივაღწიოთ „ჰამასის” დემილიტარიზებას, უზრუნველვყოთ ღაზის უსაფრთხოება და აღდგენა. და ბოლოს, უნდა ავაშენოთ პალესტინის სახელმწიფო, უზრუნველვყოთ მისი სიცოცხლისუნარიანობა, შევქმნათ გარანტია, რომ დემილიტარიზებითა და მისი მხრიდან ისრაელის აღიარებით ის შეიტანს წვლილს ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებაში. ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას”, – წერს ემანუელ მაკრონი.
ამჟამად პალესტინას გაეროს 193 სახელმწიფოდან 140 აღიარებს, მათ შორის რუსეთი და ჩინეთიც. ასევე 10-ზე მეტი ევროპული ქვეყანა. ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებამ პალესტინელებს იმედი გაუჩინა, რომ საფრანგეთს სხვებიც მიბაძავენ.
„მადლობას ვუხდით საფრანგეთს ამ ნაბიჯისთვის. საფრანგეთი ასრულებს მის მორალურ, სამართლებრივ და დიპლომატიურ პასუხისმგებლობას პალესტინის სტატუსის მიმართ, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმ დროს, როდესაც პალესტინელი ხალხი ისრაელის მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. საფრანგეთი გამოდის და ამბობს, რომ მხარს უჭერს პალესტინის თვითგამორკვევას. ესაა სწორი ნაბიჯი სწორი მიმართულებით”, – აღნიშნავენ პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
The Ministry of Foreign Affairs and Expatriates welcomes the decision of French President Emmanuel Macron to recognize the State of Palestine, as an expression of France’s commitment to international law and to resolving the conflict through political means, in line with the… pic.twitter.com/xGLIJhlDiy
— State of Palestine – MFA 🇵🇸🇵🇸 (@pmofa) July 25, 2025
ისრაელში ასე არ ფიქრობენ, პირიქით. თელ-ავივისთვის ეს არასწორი ნაბიჯია, არასწორი მიმართულებით, რომელიც მომენტალურად დაგმო და აბსურდულიც უწოდა. ეს იმიტომ, რომ ისრაელისთვის „ჰამასის” პირობებში პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება ტერორიზმის წახალისებად აღიქმება. ქვეყნის ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოყო ის რისკები, რომლებიც ამ პრეცედენტმა შეიძლება შექმნას.
„მკაცრად ვგმობ პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო თელ-ავივის გვერდით, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ. ასეთი გადაწყვეტილება აჯილდოებს ტერორს და ქმნის რისკს, წარმოიქმნას კიდევ ერთი ირანული პროქსი ძალა, ისეთივე, როგორიცაა ღაზა. პალესტინის სახელმწიფო ამ პირობებში იქნება საწყისი პლატფორმა ისრაელის განადგურებისთვის და არა მის გვერდით მშვიდობიანად ცხოვრებისთვის. მოდით, ვიყოთ მკაფიო: პალესტინელები არ ისწრაფვიან სახელმწიფოსკენ ისრაელის გვერდით; ისინი ისწრაფვიან სახელმწიფოსკენ ისრაელის ადგილას”, – ეხმაურება საკითხს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
We strongly condemn President Macron’s decision to recognize a Palestinian state next to Tel Aviv in the wake of the October 7 massacre. Such a move rewards terror and risks creating another Iranian proxy, just as Gaza became.
A Palestinian state in these conditions would be a…
— Benjamin Netanyahu – בנימין נתניהו (@netanyahu) July 24, 2025
ამ პოზიციაში ისრაელს მხარს უბამს მისი ყველაზე ძლიერი პარტნიორი დიდი შვიდეულიდან. აშშ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას უგუნურს უწოდებს და სარკაზმსაც არ იშურებს. ამ მხრივ ამერიკელებმა პარიზის პოზიციის სუსტ მხარეზე გააკეთეს აქცენტი, კერძოდ, იმაზე, თუ რა ტერიტორიებში აპირებს საფრანგეთი პალესტინის აღიარებას. კითხვას ისრაელში აშშ-ის ელჩი, მაიკ ჰუკაბი სვამს. თავად დონალდ ტრამპი კი ემანუელ მაკრონის განცხადებას ასე გამოეხმაურა.
„ის სხვანაირი ბიჭია, ვიტყოდი რომ გუნდური მოთამაშეც კია, კარგი ამბავი კი ისაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ის რას ამბობს. ეს ვერაფერს შეცვლის. მაკრონმა გააკეთა განცხადება, რომელსაც არ აქვს არანაირი წონა. ის ძალიან კარგი ბიჭია, მომწონს, მაგრამ ამ განცხადებას წონა არ აქვს”, – უპასუხა მედიის შეკითხვას აშშ-ის ლიდერმა.
„მაკრონის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ერთპიროვნული გამოცხადება არაფერს ამბობს იმაზე, თუ სად იქნება ის. ახლა ექსკლუზიურად შემიძლია გაგიმხილოთ, რომ საამისოდ საფრანგეთი მათ შესთავაზებს ფრანგულ რივიერას, ახალ სახელმწიფოს კი დაერქმევა ფრანცენსტინა”, – წერს მაიკ ჰუკაბი X-ზე.
„შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ „ჰამასის“ პროპაგანდას ემსახურება და უკან ხევს მშვიდობას. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.
პროცესში აშშ-ის ასეთი მკაცრი პოზიციის ეფექტი დიდია. დიდი შვიდეულის სხვა სახელმწიფოებში ვაშინგტონის მსგავსად პალესტინის აღიარებას მოკლე ვადაში არ ემხრობიან. მეტწილად მხარეები კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის გრძელვადიან გეგმაზე საუბრობენ. ბერლინმა დღეს, 25 ივლისს, ცალსახად აღნიშნა, რომ პარიზის გადაწყვეტილებას არ შეუერთდება, რადგან ისრაელის უსაფრთხოება მათთვის პრიორიტეტია. დიდმა ბრიტანეთმა უფრო მეტი აქცენტი შიმშილის პირას მყოფი ღაზის ანკლავის ჰუმანიტარული დახმარებით მომარაგებაზე გააკეთა, რომში კი ურთიერთაღიარების საკითხზე აკეთებენ აქცენტს.
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ რასაც ისრაელი აკეთებს, მიუღებელია. რომ ისრაელის კიბუცებზე თავდასხმაზე პასუხი არაპროპორციულია, მაგრამ ვთქვით ისიც, რომ „ჰამასი” ვერ გამოიყენებს საკუთარ ხალხს ფარად. ასე რომ, სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც მიგვიყვანს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამდე. მაგრამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ასევე უნდა მოჰყვეს ახალი პალესტინური სახელმწიფოს მხრიდან ისრაელის სახელმწიფოს აღიარება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემა არ გადაიჭრება. ჩვენ დაინტერესებული ვართ მშვიდობით და არა ერთი ან მეორე მხარის გამარჯვებით. ჩვენ გვსურს ამ რეგიონის სტაბილურობა და ეს ყველა ჩვენგანის ინტერესია ჩვენი ქვეყნისა და თანაცხოვრებისთვის, რომ მივაღწიოთ სხვაგვარ რეალობას”, – ამბობს ანტონიო ტაჯანი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„ჩვენი მთავრობის მანიფესტაციაა, რომ გვსურს პალესტინის სახელმწიფოებრიობის მიღწევა. ეს უნდა მოხდეს მტკიცედ და მოიტანოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. სუვერენობა შემთხვევითი ცნება არაა, ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, აღვასრულოთ ის სახელმწიფოებრიობის მინიჭების შემდეგ. ჩვენ მოწადინებული ვართ დასრულდეს ის ტანჯვა, რასაც ვხედავთ. ყველა სიტყვა, რასაც საერთაშორისო დონეზე ვიყენებთ, უნდა ემსახურებოდეს შიმშილის პირას მყოფ ღაზაში საკვებისა და დახმარების ჩატანას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის დიპლომატიური გამოწვევა, რომელიც პალესტინის სტატუსისთვის და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვისაა საჭირო“, – ამბობენ ბრიტანეთის მთავრობაში.
პარიზის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ „ჰამასში”, დაჯგუფებაში, რომელსაც ევროკავშირი და მათ შორის საფრანგეთიც ტერორისტებად აღიარებს. ამის საპასუხოდ საფრანგეთს საგარეო უწყებამ ყველას შეახსენა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებით მხარს „ჰამასს” არ უჭერენ და ეს პირიქითაა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთმა ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი კვლავ მიიჩნევს, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპი ამ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზაა.