კატეგორიები

უკრაინას სურს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა სტამბოლში

უკრაინას სურს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა სტამბოლში
უკრაინა რუსეთს სთავაზობს ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტების თანდასწრებით შეხვდნენ. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა სტამბოლში რუსულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების მე-3 რაუნდის შემდეგ განაცხადა.

უკრაინა რუსეთს შეხვედრას აგვისტოს ბოლომდე სთავაზობს. თუმცა რუსული დელეგაციის განცხადებით, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას აზრი მხოლოდ მას შემდეგ ექნება, რაც იარსებებს კონკრეტული შეთანხმება.

„იმისათვის, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედგეს, აუცილებელია წინასწარ შემუშავდეს შეთანხმების პირობები, გავიგოთ, რა უნდა განვიხილოთ ამ შეხვედრაზე და სინამდვილეში, ამ შეხვედრაზე აუცილებელია არა შეთანხმების განხილვა, არამედ წერტილის დასმა, ხელის მოწერა. ისეთ შეხვედრას, სადაც ამ ყველაფერს თავიდან განვიხილავთ, აზრი არ აქვს“, – განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ.

უკრაინის წარმომადგენლის რუსტე უმეროვის თქმით, უკრაინამ ასევე მზაობა გამოთქვა ცეცხლი შეწყვეტოს, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

„უკრაინა კვლავ მოითხოვს სრულმასშტაბიან ცეცხლის შეწყვეტას, რაც ეფექტური დიპლომატიისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის და არსებითი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებითვის. ახლა ჯერი მეორე მხარეებზეა, დათანხმდნენ და მშვიდობისკენ ეს ნაბიჯი გადადგან“, – განაცხადა რუსტე უმეროვმა.

სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა ტყვეებისა და სამოქალაქო პირების გაცვლის შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

„სამხედრო ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, ჩვენ ველით პროგრესს. ჩვენ კვლავ დაჟინებით მოვითხოვთ მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, გათავისუფლებას. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი პარტნიორების, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობისკენ მიმართულ ძალისხმევას, განსაკუთრებით თურქეთის რესპუბლიკას, დიალოგისა და მშვიდობის პლატფორმის ხელშეწყობაში მისი აქტიური როლისთვის. რეალური ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია და მეორე მხარემ კონსტრუქციული და რეალისტური მიდგომა უნდა დაგვანახოს. ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ”, – განაცხადა რუსტე უმეროვმა.

რუსული მხარე იმ ტყვეების უკრაინაში დაბრუნებას დათანხმდა, რომლებიც სამ წელზე მეტია რუსეთში იმყოფებიან.

„უკრაინელი ბავშვები სახლში ბრუნდებიან. ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან ამ სიაში აღმოჩნდა, რომ ბავშვების დიდი რაოდენობა არასდროს ყოფილა რუსეთის ტერიტორიაზე და, სავარაუდოდ, ისინი სადღაც ევროპაში არიან. ამ სიიდან 50 არა ბავშვი, არამედ უკვე ზრდასრული ადამიანი აღმოჩნდა. ამიტომ, ეს სია მუდმივად მცირდება, მაგრამ ჩვენ მაინც ვმუშაობთ სიაში მყოფ თითოეულ სახელზე“, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენლმა ვლადიმერ მედინსკიმ.

კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეების გაცვლაში დაახლოებით 1,200 პირი მიიღებს მონაწილეობას.

Related news
„მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი „ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები