პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავს და მას ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანაში დახმარებას სთხოვს. კერძოდ, მისი განცხადებით, დონალდ ტრამპი უნდა ჩაერიოს პროცესში, რათა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა მოახერხონ ანკლავში სამედიცინო დახმარებისა და საჭმლის ჩატანა, რადგან ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნას.
„მე მოვუწოდებ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს, ჩაერიოს და მისცეს გაეროს სააგენტოებს ღაზაში სამედიცინო დახმარებისა და საჭმლის ჩატანის შესაძლებლობა. ასევე მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, იპოვოს დაუყოვნებლივი გზები ასობით ათასი ტონა ჰუმანიტარული დახმარების ღაზის სექტორში ჩასატანად.
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სუვერენიტეტის გაძლიერების საბაბით რასისტული კანონების მიღება სერიოზული ესკალაციაა და ძირს უთხრის პალესტინელი ხალხის უფლებებს, ჰქონდეთ სუვერენული სახელმწიფო. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმოს ეს ძალადობა და წინ წაიწიოს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საქმეში”, – აღნიშნავს მაჰმუდ აბასი მიმართვაში.
100-მდე საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადების თანახმად, კრიზისმა ანკლავი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანა, ამას კი რამდენიმე მცირეწლოვნის სიკვდილი მოჰყვა. მათი თქმით, ბლოკადა ისრაელის სამხედრო ოპერაციითაა გამოწვეული. თავად თელ-ავივში პასუხისმგებლობას ტერორისტულ დაჯგუფება “ჰამასს” აკისრებენ და აღნიშნავენ, რომ ამჟამად ცეცხლის შეწყვეტასა და ტყვეების გათავისუფლების წინადადებაზე „ჰამასის” პასუხს განიხილავენ.
„ჰამასმა” ოთხშაბათს, 23 ივლისს, განაცხადა, რომ კატარის ჩართულობით ვითარების განმუხტვის ხედვა ისრაელს უკვე გაუგზავნეს. ისინი ანკლავიდან ისრაელის თავდაცვის ძალების გასვლას ითხოვენ.