დღეს, 23 ივლისს, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს, თუმცა, იმედი, რომ მხარეები მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწევენ, არც მოსკოვსა და არც კიევში არ აქვთ.
უკრაინის დელეგაციას სტამბოლში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, 13 წევრია და მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები არიან.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას – მას პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ დელეგაცია სტამბოლში გაემგზავრა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხი შეთანხმების შესახებ მემორანდუმების პროექტები და ტყვეების გაცვლის გაგრძელება იქნება. კითხვას მოლაპარაკებების შესაძლო შედეგთან დაკავშირებით პესკოვმა უპასუხა, რომ „საუბარი ძალიან რთული იქნება“ და წარმოდგენილი მემორანდუმები „დიამეტრულად საპირისპიროა“.