აშშ იუნესკოს ტოვებს იმ არგუმენტით, რომ ორგანიზაციის წევრობა ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. გადაწყვეტილება ძალაში 2026 წლის 31 დეკემბერს შევა. მარკო რუბიოს უწყების განმარტებით, გადაწყვეტილების თაობაზე ვაშინგტონმა უკვე ჩააყენა საქმის კურსში ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.
განცხადებაში ვკითხულობთ: „იუნესკო მუშაობს სოციალურ და კულტურულ საკითხებზე, აქცენტს აკეთებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, რაც თავის მხრივ გლობალისტური იდეოლოგიის დღის წესრიგს წარმოადგენს და წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიდგომასთან „ამერიკა უპირველეს ყოვლისა””.
განცხადებაში გაკრიტიკებულია გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მხრიდან პალესტინის, როგორც წევრი სახელმწიფოს განხილვა, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ორგანიზაციაში ანტიისრაელური რიტორიკის გავრცელებას ემსახურება.
„საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გაგრძელდება აშშ-ის ინტერესების დაწინაურების მიზნით”, – წერია განცხადებაში.
აშშ-მა იუნესკო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც დატოვა, გადაწყვეტილება მოგვიანებით ჯო ბაიდენმა შეცვალა.