კიევში რუსული საჰაერო იერიში შუაღამისას დაიწყო და დილის 6 საათამდე გაგრძელდა. მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა უკრაინის დედაქალაქში რუსული დრონებისა და აფეთქებების ხმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, კრემლმა კომბინირებულ იერიშში ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები, ასევე ასობით შემტევი დრონი გამოიყენა. რუსეთის მთავარი სამიზნე ამჯერად კიევი იყო.
„21 ივლისის ღამეს მოწინააღმდეგემ საჰაერო იერიში 450-ჯერ მიიტანა უკრაინაზე. მათ გამოიყენეს შაჰიდის ტიპის 426 დრონი, 5 აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“, 18 ფრთოსანი რაკეტა და ერთიც ბალისტიკური – „ისკანდერ ემი“. საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა გაანადგურეს 200 დრონი. 203-მა დრონმა კი მიზნამდე ვერ მოაღწია“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კრემლის თავდასხმამ ზიანი მიაყენა კიევის ექვს რაიონს. ყველაზე ძლიერი დარტყმა დარნიცკის რაიონში იყო, სადაც ცეცხლი მოედო საბავშვო ბაღს, სუპერმარკეტსა და საწყობებს. შევჩენკივსკის რაიონში რუსული დრონი აფეთქდა მეტროს სადგურის იმ შესასვლელთან, სადაც იმ მომენტში ადამიანები აფარებდნენ თავს. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, მათ შორის ბავშვი, რომელსაც მრავლობითი დაზიანებები აქვს.
„აქ, შევჩენკივსკის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართული დაიბომბა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი, რომელიც გავრცელდა მეორე და მესამე სართულებზე. ხანძრის საერთო ფართობი 150 კვადრატული მეტრი იყო. სამწუხაროდ, ამ ადგილას ერთი ადამიანი დაშავდა, ერთი ადამიანი კი მეხანძრეებმა გადაარჩინეს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მაშველები მუშაობენ, რომ ხალხი რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს ბინებში. დნიპროვსკის რაიონში 500 კვადრატულ მეტრზე იწვოდა კომერციული ფართები. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ჩამქრალია. დარნიცკის რაიონში მაშველები ნანგრევებისგან ასუფთავებენ ტერიტორიას. იქ ხანძარი გაუჩნდა ავტოფარეხებს, ხანძარი იყო საბავშვო ბაღის ტერიტორიაზეც“, – ამბობს უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის სპიკერი პავლო პეტროვი.
ეს პირველი მასშტაბური იერიშია კიევზე მას შემდეგ, რაც დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი იმყოფებოდა. რუსულმა ძალებმა საჰაერო თავდასხმები მისი ვიზიტის დროს და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შეაჩერეს. საპასუხო იერიში მიიტანეს უკრაინელებმაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ამ ინფორმაციას. კრემლის მტკიცებით, ერთ დღეში მათ რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვის ოლქში, 74 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.