რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთს ემუქრება, რომ თუ რომელიმე ქვეყანა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების იარაღს მიაწვდის, ის მოსკოვისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.
მარია ზახაროვას მაგალითად მოჰყავს გერმანული ტაურუსები და ამტკიცებს, რომ უკრაინა ამ იარაღს გერმანელი სამხედროების დახმარების გარეშე ვერ გამოიყენებს.
„ფაქტობრივად, გერმანელი სამხედროები პირდაპირ ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში, თუკი გერმანულ რაკეტებს გამოიყენებენ”, – ამბობს ზახაროვა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ პირველი ჩამოგდებული რაკეტით დადგინდება მათი წარმომავლობა და ეს ქვეყანა, რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.
„კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ჩვენი პასუხი იქნება მტკიცე და სარკისებური. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების განლაგება უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი დროშის ქვეშ მიუღებელია. ამას განვიხილავთ როგორც უცხო ქვეყნების სამხედრო ჩარევას, შესაბამისად, ასეთ ძალებს მივიჩნევთ ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ“, – აცხადებს ზახაროვა.
სხვადასხვა წყარო ავრცელებს ცნობებს, რომ რამდენიმე ქვეყანა განიხილავს, უკრაინას გადასცეს შორი მანძილის მოქმედების შეიარაღება. 17 ივლისს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ასეთ სისტემებს უკრაინა ძალიან მალე მიიღებს.