მას შემდეგ, რაც 11 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის, იზრდება გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად გადაეცემა კიევს ეს შეიარაღება.
კითხვის ნიშნების გაჩენასთან ერთად უკრაინა მოწადინებულია, გაზარდოს იარაღის შიდა წარმოება და ამისთვის უკრაინის ახალმა მთავრობამ შესაბამისი გეგმა დაამტკიცა. გეგმის თანახმად, ქვეყანა საჭიროებების დაკმაყოფილებას ექვსი თვის განმავლობაში მოახერხებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამჟამად იარაღის 40% უკრაინაშივე მზადდება, თუმცა ექვს თვეში ეს რიცხვი 50% უნდა იყოს.
პარალელურად, „პეტრიოტების“ მოლოდინშია ევროპაც. იტალიის დედაქალაქ რომში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანია და ნორვეგია სულ 3 საჰაერო თავდაცვის სისტემის საფასურის დაფარვასა და მისი უკრაინისთვის გადაცემას დასთანხმდა.
„პეტრიოტები“ შეუკვეთა შვეიცარიის მთავრობამაც და მიწოდება 2027 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ახლახან გაირკვა, რომ ვაშინგტონმა ვადები გადაწია. NATO-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტეკერმა მედიასთან საუბრისას ვერ დაასახელა ზუსტი თარიღი, თუ როდის მიიღებს უკრაინა იარაღს.
ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები, ჯონ ჰილი და ბორის პისტორიუსი, 21 ივლისს მოკავშირეებთან ერთად შეხვედრას გამართავენ და იარაღის გადაცემის გეგმაზე იმსჯელებენ. ჯონ ჰილის თქმით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას აშშ-ის თავდაცვისა და ნატოს გენერალური მდივნები, პიტ ჰეგსეტი და მარკ რუტეც, დაესწრებიან.