აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გენერალურ პროკურორს, პემ ბონდის, ჯეფრი ეფშტეინთან დაკავშირებული სექსუალური ექსპლუატაციის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების წინაშე მიცემული ჩვენებების გამოქვეყნება დაავალა.
პრეზიდენტმა განცხადება სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა:
„იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმე ისედაც გასაჯაროებულია, გენერალურ პროკურორ პემ ბონდის ვთხოვე, სასამართლოს ნებართვით წარმოადგინოს ნაფიც მსაჯულთა წინაშე მიცემული ყველა შესაბამისი ჩვენება. ეს ტყუილი, რომელსაც დემოკრატები ავრცელებენ, უნდა დასრულდეს, ახლავე!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეფშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გასულ წელს გამოქვეყნებული ეფშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში მითითებული იყო იმ რამდენიმე ცნობილი ადამიანის სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ნახსენებია ტრამპიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არაა.
მოგვიანებით, Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ჯეფრი ეფშტეინის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ალბომში დონალდ ტრამპმა შეიტანა წერილი, რომელშიც შიშველი ქალის სილუეტი იყო გამოსახული. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ წერილს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ხელმოწერაც აქვს.
დონალდ ტრამპმა უარყო ამ წერილის არსებობა და განაცხადა, რომ ყალბი რეპორტაჟის გამო სასამართლოში საჩივარს შეიტანს:
„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასაგებად თქვა, რომ დაბეჭდილი წერილი ყალბი იყო. მან Wall Street Journal და პირადად რუპერტ მერდოკი გააფრთხილა, რომ, თუ ისინი ამაზე სტატიას გამოაქვეყნებდნენ, მათ სასამართლოში უჩივლებდა. მერდოკმა განაცხადა, რომ ამ საკითხს თავად მოაგვარებდა, თუმცა ცხადია, ამის უფლებამოსილება მას არ ჰქონია. რედაქტორ ემა ტაკერს კაროლინ ლივიტმა და პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ განუცხადეს, რომ წერილი ყალბი იყო, თუმცა მან არ მოგვისმინა. ნაცვლად ამისა, მათ მაინც ცრუ, მავნე და ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელეს. პრეზიდენტი ტრამპი მალე უჩივლებს როგორც Wall Street Journal-ს, ისე NewsCorp-ს და ბატონ მერდოკს. პრესამ უნდა ისწავლოს სიმართლის თქმა და არ დაეყრდნოს წყაროებს, რომლებიც, სავარაუდოდ, არც არსებობენ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ზუსტი დრო, თუ როდის გამოქვეყნდება ჯეფრი ეფშტეინის საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, უცნობია. ჩვეულებრივ, ამ დოკუმენტების გამოქვეყნებას სასამართლოს თანხმობა სჭირდება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, მას შემდეგ გადადგა, რაც „რესპუბლიკურ პარტიაში” მისმა ყველაზე ერთგულმა მხარდამჭერებმა გენერალური პროკურორი პემ ბონდი დოკუმენტების გამოქვეყნებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკეს და გადადგომისკენ მოუწოდეს.