მთავარიკულტურაEmmy-ს 13 ნომინაცია „მოზარდობას”

Emmy-ს 13 ნომინაცია „მოზარდობას”

„ნეტფლიქსის“ გახმაურებული სერიალის, „მოზარდობის“ ვარსკვლავი, ოუენ კუპერი „ემის“ ისტორიაში შევიდა – 15 წლის მსახიობი ამერიკული სატელევიზიო პრემიის ნომინანტია – ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც ამერიკის სატელევიზიო აკადემიისგან ნომინაცია მიუღია. მას ახლა შანსი აქვს ოთხეპიზოდიან სერიალში თანაკლასელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 13 წლის ჯეიმის როლის შესრულებისთვის გახდეს ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი, რომელიც ემის ჯილდოს მიიღებს.

კუპერთან ერთად მინისერიალში მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ტიტულისა და ემის პრესტიჟული ჯილდოსთვის ისეთი მსახიობები იბრძვიან, როგორებიც, მაგალითად, ხავიერ ბარდემი და პიტერ სკარსგარდი არიან. ამავე კატეგორიაშია წარდგენილი „მოზარდობის“ კიდევ ერთი ვარსკვლავი, ეშლი უოლტერსიც.

„ეს იყო ნამდვილად თემა, რომელიც აუცილებლად გამოიწვევდა დისკუსიას –  მგონი ამას ყველა ვგრძნობდით. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს წარმოედგინა, რომ ამას ამხელა მასშტაბი ექნებოდა და სერიალის ირგვლივ გლობალური დისკუსია შეიქმნებოდა. ვფიქრობ, ამას ვერცერთი ჩვენგანი წარმოიდგენდა. მაგრამ ნამდვილად ვიცოდით, რომ რაღაც კარგზე ვმუშაობდით და ეს მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ შოუ. ეს არ იყო უბრალოდ გასართობი – იყო რაღაც, რისი ნახვაც ხალხს სჭირდებოდა“, – ამბობს ეშლი უოლტერსი.

„მოზარდობამ“ წელს  ჯამში 13 ნომინაცია მოიპოვა მინისერიალების კატეგორიაში, მათ შორის, საუკეთესო მინისერიალისა და საუკეთესო სცენარისთვის.

„გვინდოდა, რაღაც ძალიან ძლიერი შეგვექმნა – რაღაც ისეთი, რაც ყველას გვეყვარებოდა, და რაც ოჯახებში დიალოგს გააღვივებდა – შექმნიდა დისკუსიას მშობლებსა და შვილებს შორის. როგორც ჩანს, ეს მოვახერხეთ და თანაც ისე, რომ შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.  ვფიქრობ, ზოგჯერ ისე ხდება, რომ დრო უბრალოდ შეუდარებლად ზუსტია რაღაცის სათქმელად… ჩვენ გავხდით იმის ნაწილი, რისი ამოთქმაც საზოგადოებისთვის საჭირო იყო“, – ამბობს სტივენ გრეჰემი, მსახიობი და სერიალის თანაავტორი.

„მოზარდობა“ 13 წლის ჯეიმი მილერისა და მისი ოჯახის ისტორიას ასახავს. სერიალი ავტორებს კონკრეტულ ისტორიაზე დაყრდნობით არ შეუქმნიათ, თუმცა პრობლემები, რომლებზეც ისინი ჰყვებიან, უცხო არავისთვის არის. მინისერიალი, რომლის ოთხივე ეპიზოდი უწყვეტ კადრად არის გადაღებული, სექსიზმზე, გენდერულ ძალადობაზე, ტოქსიკურ მასკულინობაზე, ახალგაზრდების რადიკალიზაციაზე, ე. წ. ინსელ კულტურაზე ჰყვება და შთამბეჭდავად ასახავს, თუ როგორ იქცევა ძალადობა თავდაცვის მექანიზმად მაშინ, როცა ზეწოლა სოციალური ქსელებიდან თუ რეალური სივრციდან ძალიან ძლიერია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend