მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპი: „უკრაინა-რუსეთის ომში კაცობრიობის მხარეს ვარ"

დონალდ ტრამპი: „უკრაინა-რუსეთის ომში კაცობრიობის მხარეს ვარ”

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიაში, ქალაქ პიტსბურგში, მაკკორმიკის მიერ ორგანიზებულ სამიტს ესწრება.

მაკკორმიკის კომპანიამ ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში 90 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია ჩადო, რაც ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.

დონალდ ტრამპის თქმით, შეერთებული შტატების ამ სფეროში დომინაცია უმნიშვნელოვანესია და ამ მხრივ ქვეყანა ჩინეთს ბევრად უსწრებს წინ.

პარალელურად, მედიასთან საუბრისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის ომსა და თავის ბოლოდროინდელ განცხადებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 50-დღიანი ვადა ხანგრძლივი სულაც არაა და მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შესაძლოა უფრო ადრეც მიაღწიონ. თუმცა თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება, ტარიფები და სანქციები გაგრძელდება.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ემხრობა უკრაინის მიერ მოსკოვზე სარაკეტო იერიშების მიტანას და ამ ომში ის რუსეთის ან უკრაინის კი არა, კაცობრიობის მხარესაა.

„თუ შეთანხმებას 50 დღის შემდეგ ვერ მივაღწევთ, ძალიან ცუდი იქნება. დიახ, ტარიფები და სხვა სანქციები გაგრძელდება. არ მგონია, რომ 50 დღე დიდი დროა. შეიძლება შეთანხმება უფრო მალეც მოხერხდეს. იგივე შეკითხვა ბაიდენისთვისაც უნდა დაგესვათ. რატომ ჩაგვითრია ამ ომში? ეს კითხვა უნდა დაგესვათ…

მე არავის მხარეს არ ვარ. იცით ვის მხარეს ვარ? კაცობრიობის მხარეს, მინდა კვირაში ათასობით ადამიანის მკვლელობა შევაჩერო. მკვლელობების შეჩერება მინდა. მინდა, რომ შეწყდეს უკრაინა-რუსეთის ომში მკვლელობა. სწორედ ამ მხარეს ვარ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპს შეკითხვა დაუსვეს ეპშტეინის ფაილების შესახებაც, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ფაილები ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, შექმნილია.

„რაც შეეხება მათ მიერ ნანახი სხვადასხვა ინფორმაციის სანდოობას. ვიტყოდი, რომ ეპშტეინის ფაილები ჯეიმზ კომის შეთხზულია. ფაილები ბარაკ ობამამ შექმნა. ეს ჯო ბაიდენის შეთხზულია და ჩვენ წლების განმავლობაში გადავაგორეთ რუსეთის ტყუილები და ყველა სხვა რამ, რისი გადატანაც მოგვიწია“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.

მაკკორმიკის მიერ ორგანიზებული სამიტი პიტსბურგში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend